დანილოვი: "საქართველოს მთავრობას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება"
02/02/2023 07:00:12 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამავდროულად აწამებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ტელემარათონის დროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კომენტირებისას.
"დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, იგი თვლის, რომ რუსეთთან რაღაც სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმებას ვაპირებთ. [ზურაბიშვილმა] თავისთვის რაღაც იოცნება - თურმე, ამ შეთანხმებაში უნდა ჩავრთოთ საქართველოს ის ნაწილი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა. მაგრამ როდესაც მარტში მივმართე ქართველებს წინადადებით, დაგვხმარებოდნენ და ერთად გვემუშავა, საქართველომ იმავე პირთა სახით დუმილი ამჯობინა და მეტიც, შენიშვნაც კი მომცა - "ჩვენს საქმეებში ნუ ერევიო"... აი, ამ ფონზე ახლა მოისურვეს, მოეტმასნონ ჩვენს გამარჯვებას და თვლიან, რომ ასეა საჭირო. შესაძლოა, ასეც იყოს საჭირო, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა ექცეოდნენ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და იმდენი პატივისცემა მაინც ჰქონოდათ, რომ ციხეში კი არ ეწამებინათ, არამედ კიევში გამოეშვათ! არ მესმის, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით სურთ საკუთარი მიწების დაბრუნება, ხოლო მეორეს მხრივ, უღირსად ეპყრობიან ჩვენს მოქალაქეებს. ეს უბრალოდ დაუშვებელია", - განაცხადა დანილოვმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც უნდა დატოვოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონული წესრიგის აღდგენა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საბოლოო დამარცხებაზე არის დამოკიდებული და ეს მომენტი, მისი აზრით, სწრაფად ახლოვდება: "რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთელი ომი", - თქვა მან.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების სრული გაყვანა არ მოეთხოვება, "დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში".


