ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ჰანი
02/02/2023 10:13:52 პოლიტიკა
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში დებატებზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
მისი თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს:
"ევროკავშირის პოზიცია ნათელია, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ადეკვატურობას, სხვადასხვა მხარე განსხვავებულად აფასებს. მე მჯერა, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი, არასადავო საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ევროკავშირი ამ საკითხში სრულად დაეხმარება ქართველ პარტნიორებს".
ჰანმა, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აკვირდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვებს, როგორც მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე, ასევე მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე:
"მისი უფლება, როგორც მოპასუხის უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის უნდა დაიცვან მისი სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება. ასევე, პატივი უნდა სცენ მისი, როგორც პატიმრის უფლებას, მათ შორის მის პერსონალურ ინფორმაციას".
ევროკომისრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად.
"ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კანონიერი პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი მკურნალობა...", – განაცხადა მან.


