სასამართლომ სააკაშვილის პროცესზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

03-02-2023 13:02:29 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატების შეფასებით, ბრეგაძე ამგვარი განცხადებებით სასამართლოს საქმიანობაში ერევა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება იყოს მოწმე. არ მინდა ვთქვა, რომ ეს შეიძლება ემსახურებოდეს გაჭიანურებას, თუმცა საკითხის დროულად განხილვის პასუხისმგებლობა სასამართლოზეცაა. ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მითუფრო ისეთის, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაა სპეციალისტი, ექსპერტი", - განმარტა მოსამართლემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები