"საქართველოს აქვს ვალდებულებები, თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი აორთქლდება, ეს არ მოხდება"
03/02/2023 11:30:04 პოლიტიკა
საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც სადმე ჰაერში შეიძლება აორთქლდეს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე გამოეხმაურა საქართველოს ევროკომისიის შეფასებას საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასოცირების მიმართულებით პროგრესი არ ნიშნავს იმას, რომ 12 პუნქტი არ უნდა შესრულდეს.
"დემოკრატიის და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში იყო პარტნიორების შეშფოთების უპირველესი საგანი და გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის, უმრავლესობა პარლამენტში წარმოუდგენელია ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც ეხმაურება იმ პროპაგანდას, რასაც ვისმენთ კრემლისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა აღასრულოს სახელმწიფომ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც სადმე ჰაერში შეიძლება აორთქლდეს. დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია აუცილებელი, ეს ეხება მედიათავისუფლებას. არ უნდა დაგვავიწყეს ამ კონტექსტში, რომ გვყავს პატიმარი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის "ალარმიზაციის" საფუძველი ჩვენს პარტნიორებში, მართლმსაჯულების კუთხით არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ფართო რეფორმა ფართო ჩართულობით, ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ფურცელზე შეიქმნა, დეოლიგარქიზაციის კანონზეც ხისტი განცხადებები ჰქონდა უმრავლესობას და ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ ამ კუთხითაც ცვლილებების განხორციელებას. 12 პუნქტის აორთქლება არ მოხდება, თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი გაქრება, ეს არ მოხდება,"- განაცხადა დეკანოიძემ.


