გიორგი სააკაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის არის ისტორია და არ იმსახურებს „ვივამედში“ ასეთ მდგომარეობაში იყოს"
06/02/2023 10:06:15 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი, მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილების მიღებისას „სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს“.
"დღეს შუაგასაყარზე ვართ, ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ სრულფასოვანი ქვეყანა ვართ ან ჩვენ წარვდგებით სირცხვილით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის არის ისტორია და არ იმსახურებს „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს. დღეს მოვისმინეთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის, მაშინვე გამოუშვას თვითმფრინავი და მიხეილ სააკაშვილს გვერდით დაუდგეს. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ადამიანს სიცოცხლის უფლება მივცეთ. გიორგი არევაძეს მივმართავ, სწორი არჩევანი გააკეთეთ! ამის გაკეთება თქვენ აქამდეც შეგეძლოთ, ამერიკელი ექსპერტების მიერ იმდენი დასკვნა იყო დადებული, რა საჭირო იყო ამდენი ხანი პროცესების გაგრძელება, მაგრამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ", – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში ოჯახის წევრები სარჩელს სტრასბურგში გაგზავნიან:
"ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა გრძელდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მიხეილ სააკაშვილს უნდა დავუდგეთ მხარში. გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რომ მათ დაჩქარებული წესით განიხილონ საკითხი, ვინაიდან ყოველ დღეს, წუთს აქვს მნიშვნელობა - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს!".
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა.


