ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე - სააკაშვილი
06/02/2023 18:02:48 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ადვოკატების მოთხოვნა პატიმრისთვის სასჯელის გადავადების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.
"მოსმენები საქართველოს სასამართლოში სრული ფარსი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჩვენი მტკიცებულებები ეფუძნებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების გულმოდგინე კვლევებს. თითქმის ყველა მათგანმა პირადად მომინახულა, ზოგმა - რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს ჩემი ნახვით თავი ერთხელაც არ შეუწუხებიათ, თუმცა სასამართლო მათ ენდო და არა საერთაშორისო გუნდს, რომელთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო. მან თქვა, რომ თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები. ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არაა, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს. პუტინი შემპირდა, რომ „კვერცხებით“ ჩამომკიდებდა და, როგორც ჩანს, ამას თავისი შუამავლის, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით ასრულებს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: სააკაშვილი: „ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!"
მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატობა. შესაბამისად, მან არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა ისე, რომ არ გასულა სათათბირო ოთახში. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
"მსოფლოს მასშტაბით კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი სასამართლომ",– თქვა ადვოკატმა.
ექს–პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, შემდეგი ნაბიჯი სტრატსბურგსთვის მიმართვა იქნება, ხოლო ენმ–ის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის ოფისში ითათბირებენ გეგმაზე.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.


