"ახლა იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ": ნიკა მელია ენმ–ის ოფისში მივიდა
06/02/2023 18:49:38 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ–ის ოფისში მივიდა. სწორედ იქ შეკრებოსკენ მოუწოდა ექს–პრეზიდენტის მხარდამჭერებს პარტიის ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია და "იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ".
„როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას“, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია ეს იმედიც გადაწურულია.
ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა, სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.


