სალომე სამადაშვილი: "ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას"
07/02/2023 07:51:37 პოლიტიკა
"მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას",- ამის შესახებ „ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს სამართლის აღსრულებასთან.
"ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა, არ უწყობს ხელს არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას, არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას და საბოლოო ჯამში აზიანებს იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართულნი", განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო. გუშინ ენმ–ის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართეს.


