ხაჭაპურიძე – სააპელაციო საჩივრის პარალელურად, მივმართავთ სტრასბურგს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე
07/02/2023 08:31:50 პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართავენ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, მოსამართლე არევაძის გუშინდელი გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანცია იყოს გავლილი, ამის შემდეგ კი საბოლოო სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. იქამდე კი დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სტრასბურგს რამდენიმე დღეში მიმართავენ.
"გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ბუნებრივია გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გვქონდეს გავლილი, რომ საქმე გაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში, რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს.
ამ საქმეს განხილავს მხოლოდ 2 ინსტანცია. პირველი მორჩა, აპელაცია ერთ სხდომაში დამთავრებადია, მაგრამ, ჩვენ მანამდე სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ უახლოეს დღეებში, ამ კვრის ბოლოს, ან იმ კვირის დასაწყისში, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ", – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.


