ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები – სააკაშვილის გათავისუფლება მკურნალობის მიზნით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვისაც
07/02/2023 11:52:51 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.
„სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილოს მისი მდგომარეობის გაუარესება“, — აცხადებს რინკევიჩსი.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მკურნალობის მიზნით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვისაც.
"სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა — მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.


