დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება - დაუშვილი
07/02/2023 12:27:46 პოლიტიკა
დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან მიგრაციის შეზღუდვას შეეხება.
მისი თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს ერთწლიანი უვიზო რეჟიმის გაუქმებას და 180 დღიან პერიოდში, მაქსიმუმ 30 დღეზე ჩამოსვლას.
„ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც ეხება უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის არაღდგენას. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ ამ რეზოლუციაში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი – რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციასთან და იმ აგრესიასთან მიმართებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ცალსახა პოზიციაა ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ჩამოვიდეს მაქსიმუმ 30 დღეზე 180-დღიან პერიოდში.ჩვენ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღლა არის აწეული, რომ არ შეიძლება ერთწლიანი აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია იყოს დაშვებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


