მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გაიწვია
07/02/2023 13:30:28 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ უჩივის, – ამის შესახებ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ–გვერდზეა აღნიშნული, 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის [საქართველოს მთავრობის] განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ:
"№1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს".
საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციოში ორი საკითხის ირგვლივ დაობდა:
- საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
- საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.


