დეკანოიძე განმარტავს, რატომ არ ემხრობა მანდატების დატოვების იდეას
07/02/2023 15:56:30 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მანდატების დატოვების იდეას არ ემხრობა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, მანდატების დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება, გახდეს ჩვენი პარტიის „ევროპის სახალხო პარტიიდან“ (EPP) გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად. მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. რეალურად, ბოიკოტიც და მანდატების დატოვება არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა”, – აცხადებს დეკანოიძე.
იგი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ენმ-ში არც ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.


