
პაველ ფელგენგაუერი: «ყველაზე მძიმე ტრავმა აფხაზებს, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს»
27/02/2019 15:43:52 კონფლიქტები
აფხაზეთში ომის დაწყების 25-ე წლისთავზე სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი«რადიო თავისუფლებასთან» საუბრისას კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ლიდერებს, მათ მოტივებს, შეცდომებსა და პასუხისმგებლობას იხსენებს. «აქცენტი» ამ ინტერვიუს (https://www.ekhokavkaza.com/a/29477837.html) ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
- აფხაზეთის ომის მიზეზების შესახებ უამრავი ვერსია გამოითქვა – ყველაზე მარტივიდან (თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ავანტიურა საქართველოში სამოქალაქო ომის კონტექსტში), რაღაც ფატალურამდე, როგორიცაა, მაგალითად, ვერსია, რომ თბილისი და სოხუმი ყველა შემთხვევაში განწირულები იყვნენ ამ ომისთვის. თქვენი აზრით, რომელ პოლუსთან უფრო ახლოსაა ჭეშმარიტება?
“ძირითადი ტრავმა აფხაზებს, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს, XIX საუკუნის 70-იანებში, როდესაც აფხაზეთში აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა და შედეგად აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ”
- ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, რადგან აფხაზებს გრძელი და ძალზე მძიმე ისტორია აქვთ. ძირითადი ტრავმა მათ, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს XIX საუკუნის 70-იან წლებში, ალექსანდრე II განმათავისუფლების დროს, როდესაც აფხაზეთში, არსობრივად, აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა და შედეგად აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს კი მათი მიწაა, სხვა მიწა მათ არ აქვთ, ქართველები იქ მოსახლეობის 50%-ს შეადგენდნენ, და აი, აქედან ამოიზარდა, არსობრივად, ეს ომი: ქართველები ამ მიწას თავისად თვლიდნენ, ისინი ხომ იქ თაობებით ცხოვრობდნენ, აფხაზები კი - თავისად. აი, ამ რუსული იმპერიული პოლიტიკიდან, რომელმაც მსგავსი პრობლემა მოიტანა და მთელი ამ ისტორიიდან აღმოცენდა ომი, რომელშიც რუსმა სამხედროებმა ჯერ ქართველებს დაუჭირეს მხარი, რომელთაც საბჭოთა ქონების დაყოფისას ბევრი სამხედრო ტექნიკა მისცეს. კერძოდ, 1992 წელს, როდესაც “მხედრიონი”, ჯაბა იოსელიანი და სხვანი იქ შეიჭრნენ, მათ ნატო-ს წევრ თურქეთთან საზღვრის სიახლოვეს დისლოცირებული ახალციხის დივიზიის მძიმე შეიარაღება გადაეცათ. აი, ეს ყველაფერი მიიღეს და შეიჭრნენ.
- რით აიხსნებოდა მაშინ საქართველოს მიმართ [ბორის] ელცინის ესოდენ კეთილგანწყობილი პოზიცია, რომელიც ორიოდ თვეში შეიცვალა?
- ვერ ვიტყვი, რომ ეს ელცინი იყო. იგი ასეთ დეტალებს დიდად არ უღრმავდებოდა. ვფიქრობ, ამით უფრო მეტად სამხედროები იყვნენ დაკავებულები. მხარს უჭერდნენ ამათ, მხარს უჭერდნენ იმათ, ეხმარებოდნენ ჯერ ქართველებს, მერე - აფხაზებს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე მაშინ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას რაიმე სტრატეგია ვერ დავინახე.
- მოდით, იმჟამინდელ ლიდერებზე ვისაუროთ. მაინც როგორ იცვლებოდა ელცინის პოზიცია?
- ერთხელ მოვხვდი იქ, როცა უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთში ერთადერთხელ ჩავიდა [ედუარდ] შევარდნაძე. 1994 წელი იყო. მას იქ – ახალ ათონში, სტალინის აგარაკზე სამიტი ჰქონდა [ვლადისლავ] არძინბასთან. პრინციპში, ელცინს მათი რაღაცნაირად შერიგება სურდა, იმპერიული საგარეო თვალთახედვით - “საერთოდ რას იყოფენ იქო?”. თუმცა ამისგან დიდად ვერაფერი გამოვიდა.ერთ მომენტში შევარდნაძე ელცინს მოელაპარაკა. იმ დროს მოხდა რუსების სერიოზული ზეწოლა აფხაზებზე, რათა მათ სულ მცირე, გალის რაიონი მაინც დაეთმოთ. საქმე ლამის ომამდე მივიდა უკვე რუსულ არმიასა და აფხაზებს შორის, იყო სერზიოული ესკალაცია, იქ ჩვენი საბრძოლო ვერტმფრენებიც კი გადაისროლეს. მახსოვს, ერთ-ერთ მფრინავთან მომიწია საუბარი გუდაუთაში. მან მითხრა: “ადრე, ომის დროს, 1993-ში დავფრინავდით, ქართულ ჯარს ვბომბავდით, მანქანებზე ვარსკვლავებს გადავღებავდით ხოლმე და ვბომბავდით. ახლა სრული საბრძოლო კომპლექტები ჩაგვიტვირთეს და გვითხრეს, “ამჯერად აფხაზები დაბომბეთო». არ მესმის... აგერ, ბათუმიდან რუსული სამხედრო ნაწილი მოგვადგა – ვითომ რუსული გარნიზონი - რუსული ფორმით, დროშით... მივედით და რა ვნახეთ? - სულ ქართველები იყვნენო”...
ელცინს, არსობრივად, მათი რაღაცნაირად შერიგებასურდა, რუსეთის აი, ამგვარი – იმპერიული საგარეო თვალსაზრისით: აქაოდა, საერთოდ რას იყოფენო? თუმცა აქედან დიდად არაფერი გამოვიდა
ელცინი ამით დიდად არ იყო დაკავებული, მას სხვა პრობლემები ჰქონდა. ზოგადად, კავკასიის საქმეებით დაკავება არ უყვარდა. ამით სხვა ადამიანები კავდებოდნენ, რომელთაც ეს დროდადრო საინტერესოდ ეჩვენებოდათ: ხან [სერგეი] შახრაი, ხან [სერგეი] ფილატოვი... ისინიც - ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიით და მხოლოდ ხანდახან - სამხრეთით. არსებობს ასევე ლობი - ქართული, მძლავრი აზერბაიჯანული, კიდევ უფრო მძლავრი სომხური, რომლებიც კრემლზე გავლენას ახდენენ. მათ შორის არიან მდიდარი ადამიანები, აკადემიკოსები - ერთი სიტყვით, ბევრი ვინმე – სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები.. და ეს ლობი მუშაობს. ასე, რომ იმის თქმა, თუ რა სურდა ელცინს… ვფიქრობ, ელცინს იმხანად, პრინციპში, არანაირი მკაფიოდ ფორმირებული სტრატეგია არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ როგორღაც შეერიგებინა [მხარეები] - ეს იყო და ეს. თუმცა იყო, რა თქმა უნდა, ერთგვარი, სუსტად გამოკვეთილი იმპერიული იდეა “ისევ გავერთიანდეთ”. ამჟამინდელ რუსეთში ეს იდეა უკვე აშკარაა, მკაფიოდ გამოკვეთილია მიზანი “ძველ საბჭოურ საზღვრებთან დაბრუნება, მთელი ამიერკავკასიის, სამივე რესპუბლიკის, პლიუს პატარა არაღიარებულების - ყველას უკან დაბრუნება”. მაშინ ეს იმპერიული იდეა ესოდენ მკაფიო ფორმით არ არსებობდა.
- ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საქართველოსთვის პირველადი დახმარება არსობრივად, სწორედ ამით იყო განპირობებული – მიზნით, იგი აფხაზეთით “მოესყიდათ” და უწინდელ ორბიტაზე დაებრუნებინათ, ხოლო როცა ეს ვერ მოხდა, მიდგომები საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და იგივე აფხაზეთით მას უკვე სჯიდნენ, რათა ეიძულებინათ, დაბრუნებულიყო.
- დიახ, გარკვეულწილად ასეც იყო. უბრალოდ შემდგომში აღარ იყო იმის ხშირი კონტროლის შესაძლებლობა, რაც იქ საბჭოთა მემკვიდრეობისგან რჩებოდა, ასე, რომ იქ უფრო ადვილი იყო მოლაპარაკება, სხვა შემთხვევაში ისე წაართმევდნენ.
- რას წარმოადგენს შევარდნაძის ფაქტორი? ამ კუთხითაც უამრავი ვერსიაა. ერთნი მას ლამის იოსელიანისა და კიტოვანის მსხვერპლად თვლიან, მეორენი ამბობენ, რომ ეს თავად შევარდნაძის საკმაოდ ცბიერი თამაში იყო.
- როდესაც თბილისში პირველი – ე.წ. საახალწლო სამოქალაქო ომი დაიწყო, მე მას შევხვდი. მას ეს ყველაფერი არ მოსწონდა, თუმცა იქ ჩასვლა დიდად არ სურდა, - აქ ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა, ამერიკაში იწვევდნენ, როგორც მსოფლიოში ცნობილ ადამიანს, საკმაოდ კარგ თანხად ლექციების საკითხავად. მაგრამ მერე ჩამოვიდა დელეგაცია თბილისიდან და იქ წასვლაზე დაიყოლიეს, რათა ეროვნულ საბჭოს ჩასდგომოდა სათავეში, - კიტოვანსა და იოსელიანს რაღაც “თავი” დასჭირდათ.
- როგორ დაანაწილებდით აფხაზეთისთვის პასუხისმგებლობას კიტოვანს, იოსელიანსა და შევარდნაძეს შორის?
- როდესაც აფხაზეთში შეჭრა დაიწყო, შევარდნაძე იქ პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა – ის ეს-ესაა, მოსკოვიდან მიიწვიეს. ეს მისი ომი არ ყოფილა, ეს ყველაფერი კიტოვანმა და იოსელიანმა მოაწყვეს. მათ გადაწყვიტეს, რომ რაკი ახალციხის სატანკო დივიზიის შეიარაღება მიიღეს, გაიგრიალებდნენ.პრინციპში, ეს გამოსდიოდათ კიდეც სოხუმამდე. სოხუმი აიღეს და გზის გაგრძელება გადაწყვიტეს, თუმცა ისინი შეაჩერეს, მათ შორის – რუსეთის ჯარმაც, რომელმაც რამდენიმე საარტილერიო დარტყმა განახორციელა. მაშინ სოხუმიდან ჩრდილოეთით ფრონტი ჩამოყალიბდა და იქ გრძელდებოდა ეს ომი,რომელიც სოხუმის დაცემითა და ქართული ჯარის განადგურებით დასრულდა.
- ბრძანეთ, რომ ეს შევარდნაძის ომი არ იყო. მაგრამ საბოლოოდ გააძლიერა ამ ომმა შევარდნაძე, თუ პირიქით, დაამძიმა მისი მდგომარეობა?
შევარდნაძე იქ კინაღამ დაიღუპა, ელცინი პირადად ცდილობდა მის გადარჩენას, გასცა რა ბრძანება, იგი გამოეყვანათ, რადგან როცა სოხუმი უკვე განწირული იყო, იგი ადგილიდან მოწყდა და ქალაქში გაემგზავრა
- შევარდნაძე იქ კინაღამ დაიღუპა, ელცინი პირადად ჩაერთო მის გადარჩენაში, ანუ ბრძანება გასცა,იქიდან გამოეყვანათ, რადგან როდესაც სოხუმი უკვე განწირული იყო, ის ადგილიდან მოწყდა და სოხუმისკენ გაემართა. არსებობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ზავი. ორივე მხარემ ჩააბარა მძიმე შეიარაღება, მერე კი ჩვენებმა აფხაზებს ის უკან დაუბრუნეს. მათაც საკმაოდ სწრაფად აიღეს სოხუმი და ქალაქში საშინელი ჟლეტა მოაწყვეს. იმ დროს იქ იმყოფებოდა შევარდნაძეც, რომელიც ერთ-ერთი ბოლო თვითმფრინავით ჩაფრინდა. იქიდან ის ელცინის პირადი ბრძანებით გამოჰყავდათ. მერე მან მოიშორა კიტოვანი და იოსელიანი და, საერთო ჯამში, საკუთარი მმართველობა დაამყარა.
- და ამ ომის ბოლო ფენომენი – არძინბა…
- ომი არძინბასთვის რუსმა სამხედროებმა მოიგეს. ვერ ვიტყვი, რომ ისინი იქ პირველიდან ბოლოდღემდე იბრძოდნენ, მაგრამ რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე საერთოდ ვერაფერი გამოუვიდოდათ. თავად არძინბა ერთგვარი ლიდერი იყო, ბელადი და მთლიანობაში, დიახ, ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ თავის მიწაზე დასარჩენად.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021