Accentnews.ge
მოსკოვი – ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა

მოსკოვი – ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა

09/02/2023 11:55:26 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით თავად მიმართა.

როგორც გამოცემა "ვესტნიკ კავკაზა" წერს, ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.

აქამდე არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ქართველი ხალხის" სახელით გაუგზავნეს. ამის შესახებ 19 იანვარს ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ბროკერიჯის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენის თემა გასული წლის 7 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ფორუმზეც განიხილეს, რომელსაც პრორუსი ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოკერიას თქმით, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ამ მიმართვის შედეგი იყო:

„7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, რომელზეც საკითხი განვიხილეთ და რუსებს ვთხოვეთ, რომ უბრალო ხალხს, ქართველებს, ფრენების აღდგენა გვჭირდება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. გუშინ კი გავიგეთ მზადყოფნა [იგულისხმება ლავროვის განცხადება], რეისები აღდგეს“.

მისივე თქმით „ქართველი ხალხის თხოვნა რუსეთში მცხოვრები ქართველების" სახელით გაიგზავნა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ "დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად", არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოეს ხანებში მოხერხდება.

19 იანვარს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მან თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S