წულუკიანი – იუნესკოს დასკვნის შესახებ: "გაცემულია რეკომენდაციები, რაც სამუშაო პროცესია და არა პოლიტიკური"
09/02/2023 14:19:36 პოლიტიკა
კულტურის სამინისტრომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნა გამოაქვეყნა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესსრელიზში ნათქვამია, რომ ეს დასკვნა სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც გელათის სამონასტრო კომპლექსში გაგრძელდება 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია გადახურვაზე, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა და ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით:
„მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და კულტურის მინისტრად ის თავად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. მანამდე პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება“.
სამინისტროს ცნობით, "იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), „შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა, და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები“.
„რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“, – განაცხადა წულუკიანმა.
რელიზში ნათქვამია, რომ იუნესკო სამინისტროს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს.
რაც შეეხება კედლის მხატვრობას, სამინისტროს გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, იუნესკო იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში. რეკომენდაციების სრული სია იხილეთ ბმულზე.
"იუნესკო გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან სახურავის სახით დროებით დაეფარება", – აცახდებს სამინისტრო.
იუნესკო სამინისტროს ასევე ურჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში.
იუნესკო სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შექმნის რჩევას აძლევს.
„მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა სჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, – განაცხადა მინისტრმა.


