
"სურკოვშინა" თბილისსა და სოხუმში: დაგვიბრუნებს თუ არა კრემლთან ლაქუცი ოკუპირებულ რეგიონებს?
10/02/2023 01:18:08 ანალიზი
საქმეში ჩაუხედავ მკითხველს შესაძლოა, გასაოცრად მოეჩვენოს, მაგრამ ვინც შესაბამის პროცესებს რეგულარულად ადევნებს თვალს, იცის, რომ ბოლო დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველებისა და ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მესიჯ-ბოქსები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე შემთხვევაში პროპაგანდისტული გზავნილების ერთ-ერთ ძირითად მიზანს საზოგადოებებში რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა და ამავდროულად ანტიდასავლური განწყობების გაღვივება წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში ხელმოცარულ მმართველ ძალებს, რომელთაც მიღწევების სახით მოსახლეობისთვის ფაქტობრივად აღარაფერი აქვთ წარსადგენი, - პირიქით, ყველა კუთხით რეგრესი უფიქსირდებათ და ამ პირობებში მთავარ საზრუნავად ძალაუფლების შენარჩუნება ექცათ, ხალხის სამართლიანი რისხვის გადავადება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისა და მოქალაქეთა დაშინების გზით სურთ: ისინი ცდილობენ, ხალხის რაც შეიძლება, დიდი ნაწილი დააშინონ შესაძლო ომით (აფხაზებისა და ოსების შემთხვევაში – “შესაძლო მორიგი ქართული აგრესიით”, ქართველების შემთხვევაში კი – შესაძლო მორიგი რუსულით), თავი ომის თავიდან არიდების ერთადერთ გარანტებად წარმოაჩინონ და ასე აიძულონ მოსახლეობა, სამართლიანი უკმაყოფილების მიუხედავად, კიდევ შეინარჩუნოს ისინი ხელისუფლებაში.
ამ ვითარებაში თბილისშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც აქტუალურობას არ კარგავს, კერძოდ, “რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის” სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივი: საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები, მმართველ ძალასთან აფილირებული ძალები და სხვადასხვა ღიად პრორუსული ჯგუფები თავის ტროლ-ჯართან ერთად დაუღალავად უმეორებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს “დასავლეთსა და მის მიერ მართულ რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს ომში ჩათრევა სურთ”. თბილისში მჟღერ ამ ნარატივს ყოველ ჯერზე უმალვე იტაცებენ დე ფაქტო ხელისუფლებებიც და დიდი სიამოვნებით იყენებენ იქაური საზოგადოებების “ქართველების მორიგი შესაძლო აგრესიით” დასაშინებლად.
საზოგადოებრივი აზრით ეს უზნეო მანიპულირება აწყობთ მათაც და, რაც მთავარია, საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთს: მის მიმართ ნდობა ხომ ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე არა მარტო თბილისში იყო განულებული, არამედ ცხინვალსა და განსაკუთრებით სოხუმშიც საგრძნობლად დაეცა იმ ანექსიური პოლიტიკის ფონზე, რომელსაც მოსკოვი ბოლო დროს დიდად აღარც ნიღბავს. არადა, მართალია, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელმაც კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო, ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა, “აფხაზეთს მოუწევს, სუვერენიტეტი რუსეთს უწილადოსო”, მაგრამ აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე, როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ ვითარებაში კი დე ფაქტო ხელისუფლებაც და მის უკან მდგომი მოსკოვიც აქტიურად იყენებენ კარგად ნაცად კრემლისეულ ხერხს – “გარე მტრის” ხატს, როგორადაც “საქართველოსა და მის მმართველ დასავლეთს” წარმოაჩენენ.
განცხადებები "ოფიციალური თბილისის დასავლეთის მიერ მართულობის" შესახებ ამ დღეებში მოსკოვიდან მრავლად მოვისმინეთ, ამჯერად - რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამომისვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. თითქმის იდენტური ფორმით ეს სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივი გააჟღერეს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შემდეგ მიყოლებით ორგზის - მისმა ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად კი სენატორმა და აბაშიძე-კარასინის პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა, ხოლო კიდევ მოგვიანებით - სენატორებმა ჯაბაროვმა და კოსაჩოვმა. ეს იყო, ერთის მხრივ, ოფიციალური თბილისის ქება უკრაინის ომის ფონზე "მოსკოვის არგაღიზიანების" პოლიტიკის გაგრძელების გამო და "ჯილდოდ" ავიამიმოსვლის აღდგენის ინიცირება, მარამ ამავდროულად - “კონფლიქტების ესკალაციით” მუქარაც იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკის შეცვლას "გაბედავს".
მოსკოვის ამ მუქარისთვის ეფექტის შესამატებლად ანტიქართულ-ანტიდასავლური მესიჯ-ბოქსი სოხუმშიც გაააქტიურეს. წლის დასაწყისში სოხუმის ხელისუფლებამ უარი განუცხადა აფხაზეთში შეშვებაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციას, რომელიც 8-9 თებერვალს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავდა. კრემლის “რუხ კარდინალად” ცნობილი ვლადისლავ სურკოვის ახალგაზრდა შეგირდის - ინალ არძინბას უწყებამ მოიმიზეზა “თანათავმჯდომარეების ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჟენევის დისკუსიების მორიგი - 21-22 თემებრვლისთვის დაგეგმილი რაუნდი გაეუქმებინათ”. ორიოდ დღის წინ კი ამავე უწყებამ ინალ არძინბასა და დე ფაქტო სუს-ის ხელმძღვანელ რობერტ კიუტის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი “დასავლელებსა” და “ანტირუსული განწყობების გენერატორ” არდასახელებულ ძალებს “მკაცრი ზომების გატარებით” დაემუქრნენ.
არძინბამ, კერძოდ, “დასავლელები” “კონფლიქტების გაღვივებაში, სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განადგურებასა და მათი რესურსების მიტაცებაში” დაადანაშაულა – ანუ, სწორედ იმაში, რასაც მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთშიც რეალურად, რუსეთი ახორციელებს. “ჩვენთან წლობით ჩამოდიან ევროპელი ჩინოსნები, რომლებიც ჩვენით მანიპულირებას ცდილობენ იმ იმედით, რომ ჩვენ ღიმილით აღვასრულებინებთ მათ გეგმებს. მაგრამ ჩვენი პასუხი ასეთი იქნება: ჩვენ გაიძულებთ, პატივი გვცეთ და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოგიწევთ ჩვენთვის ანგარიშის გაწევა… დასავლეთის ქვეყნები ფარისევლურ საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს მასშტაბით, ვითომდა ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნებს, როგორც თავის დროზე უკრაინაში აკეთებდნენ, მერე კი აჩაღებენ შეიარაღებულ კონფლიქტებს, საძირკვლამდე ანადგურებენ სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრიობას, იპყრობენ მათ რესურსებს, ამონებენ და თავის ნებას უქვემდებარებენ მთელს ხალხებს. მშვენივრად ვიცით, რა მოლაპარაკებები იმართება სადღეისოდ თბილისსა და ევროპულ დედაქალაქებში, ნიუ-იორკში, ვიცით, რისი განხორციელება იგეგმება აფხაზეთში. ამდენად, მივმართავ დასავლელებს: არ მოგცემთ შესაძლებლობას, ჩვენს მშობლიურ მიწაზე ეს გეგმები განახორციელოთო”.
დე ფაქტო სუს-ის ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა კი აცნობა აფხაზურ საზოგადოებას, რომ მისი უწყება “ყურადღებით ამონიტორებს აფხაზეთში მთელს ანტირუსულ რიტორიკას და მზადაა, ანტირუსული განწყობების გენერატორი მტრული დესტრუქციული ძალების მიმართ კანონის უმკაცრესი ზომები გაატაროს”. რა “ძალებზეა” საუბარი და მათ რა მოქმედებებზე – მას არ დაუკონკრეტებია.
ამ გამოსვლამ აფხაზურ ოპოზიციურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკის ტალღა გამოიწვია. კომენტატორთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს განცხადებებს “საკუთარი უნიათო, მოღალატეობრივი პოლიტიკის, ამავდროულად რუსეთის ანექსიური ნაბიჯების გადასაფარად ავრცელებს და თან ამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რომ ნებისმიერი, ვინც ამ ნაბიჯებს შეეწინააღმდეგება, მტრულ დესტრუქციულ ელემენტად თუ ძალად გამოცხადდება”. რუსეთის ანექსიურ ნაბიჯებზე საუბრისას კი ისინი მოსკოვიდან გამოგზავნილი “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების” 45-პუნქტიან პროგრამაში მოცულ მთელ რიგ ძალზე არაპოპულარულ საკანონმდებლო ინიციატივებს ასახელებენ, რომელთა ნაწილი აფხაზურ "პარლამენტში" უკვე წარდგენილია, ნაწილის წარდგენა კი უახლოეს დღეებში იგეგმება. მათ შორისაა, მაგალითად, მიწისა და უძრავი ქონების, ასევე ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული ობიექტების უცხოელთათვის (რუსეთის მოქალაქეებისთვის) მიყიდვის მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების, ბიჭვინთის აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინიციატივები. “რისთვის კეთდება ეს განცხადებები? - იმისთვის, რომ ხვალ ყველანი, ვინც ამ საკანონმდებლო ინიციატივებს არ ვეთანხმებით, ანტირუსულ დესტრუქციულ ელემენტებად თუ უცხოეთის აგენტებად გამოგვაცხადონ. ეს ტიპური პოლიტიკაა თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ბატონი ვლადისლავ სურკოვისთვის, ერთგვარი “სურკოვშინა”, რომელიც ერთ დროს აფხაზეთშიც ინერგებოდა და კარგით არაფრით დასრულებულა” – ამბობს აფხაზი საზოგადო მოღვაწე, ანალიტიკოსი და ბლოგერი თენგიზ ჯოპუა.
აი, ასეთია რუსეთის რეალური ზრახვები და მოქმედება საქართველოს მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში. იქაური საზოგადოებების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსკოვი აქტიურ ნაბიჯებს დგამს მათი ანექსიის მიმართულებით. და ვაი, რომ ბოლო დროს თბილისში აქტიურად მჟღერი ანტიდასავლური რიტორიკაც, საქართველოსთვის სხვა უმნიშვნელოვანეს ნეგატიურ შედეგებთან ერთად, მოსკოვსა და დე ფაქტო რეჟიმებს ამაში კარგად ეხმარებათ.
აგერ, ამ დღეებშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებების გამო ევროპარლამენტარების კრიტიკისას “საქართველოს ომში ჩართვის” პროპაგანდისტული გზავნილი კვლავ გააჟღერა და განაცხადა: ”[…] უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, როგორ გაგრძელდება მოვლენები - არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა რუსულ მხარეს აქვს. ამდენად, ეს [საქართველოს ომში ჩათრევის – რედ.] ინტერესი გაზრდილიაო“... მშვენიერი “სატოპკეა” მოსკოვისა და სოხუმისთვის აფხაზურ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად და ამავდროულად რუსეთის, როგორც “ერთადერთი მხსნელისა და მცველის” იმიჯის აქტუალიზებისთვის, რას იტყვით?
ხოლო თუ ვინმე კიდევ იჯერებს ბოლო დროს თბილისში მჟღერ კიდევ ერთ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს მოსკოვისადმი ლოიალობის სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს, ვურჩევ, გაეცნოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს, მიმართულს მათ საბოლოო ანექსიაზე, ასევე რუსეთის რიგი მაღალჩინოსნების, მაგალითად, დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმის შესახებ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიძლება, დაუბრუნდეს” – და უცებ მიხვდება, რომ კრემლის ერთადერთი რეალური ზრახვა როგორც სოხუმსა და ცხინვალთან, ისე მთლიანად საქართველოსთან მიმართებაში არის შთანთქმა - ან დაყოლიებით, ან ძალით.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ამ დრომდე განცდილი კრახის მიუხედავად, პუტინი, უდიდესი დანაკარგების გათვალისწინებით, უკან ვეღარ იხევს და უარს ვეღარ ამბობს სსრკ-2-ის იმპერიალისტურ გეგმაზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის რეალურ მიზეზს წარმოადგენდა, ახლა კი თავად რუსეთს ღუპავს. ამასთან, უკრაინაზე თავდასხმამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რაც მანამდეც ვიცოდით: მოსკოვს არავითარი საბაბი არ სჭირდება, თუ რამ განიზრახა, საბაბს თავად თხზავს - თუნდაც სრულიად არარეალისტურს და ვერავითარი ლოიალურობა, ვერავითარი ენის მოჩლექით საუბარი, "არგაღიზიანება" და “სატოპკეები” მას დასახულ მიზანზე ხელს ვერ ააღებინებს.
ამასვე მოწმობს რუსი მაღალჩინოსნების ის ერთის მხრივ, ანტიდასავლურობისთვის ქება, მაგრამ ამავდროულად “კონფლიქტების ესკალაციით” მუქარაც, რომელიც ბოლო დღეებში რუსი მაღალჩინოსნებისგან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მოვისმინეთ. ამბობენ, "კარგი ბიჭები ხართ, გააგრძელეთ ცივილიზებული სამყაროსგან ჩემს სასარგებლოდ დისტანცირება, დააბრუნეთ საქართველო ჩემს ორბიტაზე, შემისრულეთ ყველა მოთხოვნა, ხოლო თუ არა, თქვენს მოსახლეობას საბოლოოდ შევაზიზღებ თქვენს თავს და აგერ, კონფლიქტების ესკალაციაც ადვილად შემიძლიაო"...
ამდენად, დროა, შევიგნოთ: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მას მხოლოდ საკუთარი - ძალის ენა ესმის; შესაბამისად, პატარა საქართველოს მხრიდან საკუთარი თავის მტრობა იქნება, ზურგი აქციოს დასავლეთს და მარტოდ დარჩეს მართალია, მძიმედ დაჭრილი, მაგრამ უკრაინაში განცდილი სირცხვილით, საერთაშორისო იზოლაციით, სანქციებითა და დაშლის პერსპექტივის წინაშე აღმოჩენით გავეშებული ჩრდილოელი მეზობლის პირისპირ. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება მოკავშირეები, თავდაცვის გაძლიერება, უსაფრთხოების გარანტორები; სწორედ მათთან მაქსიმალურად შესაძლებელ დაახლოებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და არა თითქმის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ, ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარებულ, ოკუპანტ სახელმწიფოსა და მის დანაშაულებრივ რეჟიმთან ყოვლად საზიანო, მორალური თვალსაზრისით კი გამაოგნებელ არშიყზე, რომელსაც "ქართული ოცნება" საკუთარ ინტერესებში წარმატებით აგრძელებს, მოსახლეობას კი ამას "ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობად" წარმოუჩენს.