რა როლს მოირგებს საქართველო შავ ზღვაზე, ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი იქნება – ცქიტიშვილი

10-02-2023 20:21:50 ინტერვიუ

საქართველოს ხელისუფლება უკრაინის თემისგან დისტანცირების კურსს რომ ირჩევდა, რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოში გაჩაღებული ომის პირველივე დღეებშივე გახდა ცნობილი პრემიერ–მინისტრის ცნობილი გზავნილით, დასავლეთის „სანქციებს არ ვუერთდებითო“ „ეროვნულ ინტერესებზე“ მითითებით, რასაც უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდიც, რომელიც აქციებზე „თავების დათვლისკენაა“ მიდრეკილი, იგრძნო რა საზოგადოებრივი განწყობები, „ანტიდოტის“ ძიებას და ომით ტრავმირებული საზოგადოების ცნობიერებაზე რუსული პროპაგანდისტული ენით მასირებულ შეტევას მყისიერად შეუდგა, „ომში გვითრევენ“ ნარატივით. ხოლო თითოეული ნაბიჯი, რომელიც შეშფოთებას, კრიტიკას იწვევს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაურკვეველი პოზიციონირების თუ დემოკრატიის კუთხით უკან სვლის გამო, „ეროვნულ ინტერესებადაა“ შემოთავაზებული. უკვე ორიოდ დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეულმა ირაკლი კობახიძემ „სამხედრო ექსპერტობაც“ იტვირთა და ბრძანა, ფრონტის ხაზზე რუსეთი აქვს წარმატებაო. მაინც როგორ შეიძლება, აიხსნას „ქართული ოცნების“ პოზიციონირება? ,– ამ და სხვა თემებზე „აქცენტი“ მმართველი გუნდის ყოფილ წევრს, ასევე ყოფილ დეპუტატს, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრს დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: არ მაქვს ახსნა. მხოლოდ დაშვებების დონეზე შეიძლება, ვისაუბროთ. შესაძლოა, ეს გარკვეული ანტაგონიზმიც იყოს უკრაინის ხელისუფლების მიმართ... რთული სათქმელია, რა რაციონალური და პრაქტიკული დაშვებებია ამის უკან. პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე მომგებიანს ქვეყნისთვის ან თუნდაც მათივე პოლიტიკური ინტერესებისთვის. მგონია, რომ დამაზიანებელია მსგავსი ორაზროვანი განცხადებები. ორაზროვანი იმიტომ, რომ მუდმივად თან ახლავს სხვა კონოტაცია – თითქოს „ომის დაწყება უნდათ“, „მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებენ“, შესაძლოა, ამ ვერსიის (რაზეც დიდი ხანია, საუბრობენ) გამყარება სურთ. „ახლა ცუდად რომ არის საქმე, მეორე ფრონტის თემა კვლავ აქტუალურიაო“, თითქოს ამ კონტექსტში ჯდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ მსგავსი განცხადებები ამოვარდნილია ზოგადად ლოგიკიდან და რაციონალური მსჯელობიდან. როდესაც სამხედრო ტაქტიკოსი საუბრობს, იქ შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ტაქტიკურ, სამხედრო გადაადგილებებზე აკეთებს რაღაც გათვლას, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ზედაპირულ განცხადებასთან, რომელიც ჩემთვისაც დამაბნეველია. ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ.

- თავად „რაციონალიზმს“ უწოდებენ. მოვიშველიებ პარლამენტის თავმჯდომარის ორიოდ დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს, რომელიც ცხელი პატრიოტული გულითა და ცივი რაციონალურობით იღებს გადაწყვეტილებებსო". სად არის აქ რაციონალიზმი?

- აღმაშენებელი ყველაზე პოპულარული მეფეა საქართველოს ისტორიაში და ყველაზე მეტად იცის ხალხმა მისი წარმატებების ნაწილი, თორემ არაფრით ჰგავს აღმაშენებლის პოლიტიკას თანამედროვე ქართული პოლიტიკა და არც შეიძლება, ჰგავდეს: იქ ბევრი სხვა საკითხებიც იყო, რაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც არ ჯდება. ამიტომ, მსგავსი შედარებების გაკეთება მგონია, რომ არასწორია. მარტივადაა საქმე: შედარება ყველაზე გავლენიან ისტორიულ ფიგურასთან, რომ „ჩვენც ასეთივე მაგრები ვართ. პირველები თუ არა, მეორეები ვართო“. სხვათა შორის, იგივე წინა ხელისუფლებასაც ახასიათებდა. მე რომ მკითხოთ, ეს რაღაც პიარსა და პარანოიას შორისაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ადამიანებს სურთ, თავი დაიმკვიდრონ თავიანთი სიტყვებით და არა სხვისი აღიარებით.

- პიარული თვალსაზრისით გასაგებია – საქართველოს ძლიერებასთან ასოცირდება აღმაშენებელი...

- ამ იდეის გაძლიერებაში პიარის თვალსაზრისით ლოგიკას ვხედავ, თუმცა არ ვეთანხმები, მაგრამ იმ განცხადებებში, რომ რუსეთი იგებს ამ ომს და წარმატება აქვს, ვერ ვხედავ ვერანაირ ბენეფიტს.

- სწორედ ამ მიდგომაზე მინდა, გკითხოთ. გასაგებია, რომ ჩვენ პროცესში ვცხოვრობთ და მტკივნეულად ზემოქმედებს მსგავსი განცხადებები, მაგრამ თუ გვერდიდან შევხედავთ მთლიან სურათს, რაციონალიზმი სად შეიძლება, დავინახოთ?

- რაციონალიზმი თითქოს უნდა იყოს ერთი ჭეშმარიტი გზა, დაფუძნებული გარკვეულ გათვლებსა და პრაქტიკულ შედეგებზე. ამ შემთხვევაში რაციონალიზმს ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, აქ არის ერთგვარი სტრატეგია, რომ ქვეყნის შიგნით შეიქმნას შიში, თითქოს „მეორე ფრონტის“ საფრთხეა და მისი თავიდან აცილებაა მთავარი წარმატება. იდეაში, არარსებული საფრთხის თავიდან აცილების საფუძველზე ხდება საკუთარი პოლიტიკური ბენეფიტის მიღება და ამან გარკვეულწილად იმუშავა კიდეც: საზოგადოების ნაწილში მართლაც გაჩნდა მსგავსი რწმენა, თითქოს მეორე ფრონტის გახსნას გვაძალებს ვინმე. ცხადია, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვისაც. მაგრამ მათი ხედვით, ალბათ, რაციონალიზმია, იმუშაონ შიდა აუდიტორიაზე, რათა ხალხის მობილიზების საშუალება ჰქონდეთ; ხალხს სჯეროდეს, რომ ჩავარდნები, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ მთავარი საფრთხე ავირიდეთ.

- საზოგადოების ტრავმებზე კაპიტალიზება...

- დაახლოებით, ასე შეგვიძლია, ვთქვათ. საზოგადოების მეხსიერებაში ომის ტრავმა არსებობს და ცხადია, მწვავედ აღიქვამს ამ თემას. წელიწადზე მეტია, მუშაობს ნარატივი, „ომში ჩათრევა უნდათო“, ზოგიერთი, მათ შორის, უკრაინელი თანამდებობის პირის ცალკეულ განცხადებებს იყენებენ ამ ნარატივის გასამყარებლად და შეძლეს კიდევ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

- ეს რაც შეეხება შიდა აუდიტორიაზე მუშაობას, მაგრამ მეორეს მხრივ, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და ამ მიმართულებით მცდელობებს ხედავთ?

- ეს არ ჩანს. შეიძლება, ითქვას, რომ მეორე ფლანგი – ხელისუფლების უფრო ტექნოკრატიული მხარე აგრძელებს მუშაობას. მაგალითად, შეხვედრებია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, გრძელდება ნატო–ს პროგრამები ... ეს პროცესი მიმდინარეობს და თითქოს, შეფერხებები არ არის, უბრალოდ პოლიტიკური დისკუსიის დონეზე განსხვავებული მანევრებია. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო უფრო ინტენსიური პროცესის წარმართვა. ნატო–ს მადრიდის სამიტზე შეიძლებოდა რიგი საკითხების დაყენება, ფორსირება და ამით ბენეფიტების მიღება – როგორც ევროკავშირის მიმართულებით გაჩნდა შესაძლებლობები, იგივე შესაძლოა, ნატო–ს მიმართულებითაც გაჩენილიყო. რეგიონში დაძაბულობამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც ბოლომდე არ ვიყენებთ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად რეგიონში ფეთქებადსაშიში გარემოა, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მაინც არ დგას იმდენად დიდი გამოწვევის წინაშე – რუსული ძალები მთლიანად უკრაინაზე არიან კონცენტრირებულნი, შესაბამისად, რესურსი იმისა, რომ ბევრ ფლანგზე იომოს, საქართველოშიც წამოიწყოს მასშტაბური პროცესები, თითქოს არ ჩანს. ამდენად, საფრთხე არის, მაგრამ არც ისე მაღალია ალბათობა მისი რეალურად დადგომის. მით უმეტეს, რუსეთი იმდენად სუსტდება, რომ ამ საფრთხეს რესურსი ეწურება. შემდეგ სხვა ტიპის საფრთხეები შეიძლება, დადგეს და ეს უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის თემაა. მაგრამ დღესაა საჭირო მომენტის გამოყენება, რათა ნატოში გაწევრიანების კუთხით უფრო მყარი ნაბიჯები გადაიდგას, შესაბამისად, დავძრათ პროცესი, რადგან ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა – იგივე ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებასთან ერთად შეიძლებოდა რაღაც ახლის მიღება, უარის თქმა შეიძლება, უხერხულობის შემქმნელი იყოს და მთავარი შემაფერხებელი გარემოებები მოიხსნას დღის წესრიგიდან (გერმანიამ და საფრანგეთმა შეცვალეს პოლიტიკა). ამდენად, ჩნდება რიგი შესაძლებლობები, უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, თუმცა, ჩვენ რუტინულად მივუყვებით პროცესს, არათუ მოვერგეთ ახალ შესაძლებლობებს და უფრო პროაქტიული გავხადეთ მოქმედებები.

- პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ადგილი გაურკვეველია და რომ პირველად გაჩნდა კითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით...

- მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, რუტინული პროცესი მიმდინარეობს სამინისტროებში, საშუალო და ქვედა დონეზე, დიპლომატიური კორპუსი მუშაობს იმავე გზით, მაღალი პოლიტიკური პირების განცხადებები იწვევს დაბნეულობას, თუ რა არის საქართველოს სტრატეგია? იგივე შეტევები ამერიკის ელჩზე, ნარატივი, რომ ვიღაც გვაიძულებს ომში ჩართვას (და იგულისხმება დასავლეთი) – ცხადია, იწვევს დაბნეულობას. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ ეს ნარატივი რუსეთიდან მოდის და მისი განმეორება ცხადია, თანამშრომლობის სულისკვეთებას აზიანებს. შესაბამისად, ნდობა იკარგება. ნდობის აღდგენას კი დიდი დრო და შრომა სჭირდება. ამდენად, ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები, ხოლო პასუხები ხელისუფლებას არ აქვს. ზედაპირულად ამბობენ „პროდასავლურები ვართო“, შემდეგ კი ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება, გარდა დასავლური ინტეგრაციისკენ აქტიური ნაბიჯების გადადგმისა. პირიქით, დამაზიანებელი ნაბიჯები იდგმება.

- სწორედ ეს უჩენს ბევრს განცდას, რომ საქართველო რეალურად იცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს...

- თითქმის შეუძლებელი მგონია, რომ საბოლოოდ შეიცვალოს ეს კურსი, რადგან საკმაოდ ფესვგადგმული და ინსტიტუციონალიზებულია: ჩვენი უსაფრთხოების სისტემები ინტეგრირებულია დასავლურთან, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს; თავდაცვაში პრაქტიკულად არ დაგვრჩა ოფიცერი, რომელიც დასავლეთში არ გადამზადდა. მათი არა მხოლოდ ფილოსოფია, პრაქტიკული ცოდნაც დასავლურ სტანდარტებს და მეთოდოლოგიას ეფუძნება და ა.შ. ამ ყველაფრის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა, მარტივად ვერ მოხდება. ეს შეიძლება, ძალიან დამაზიანებელი იყოს თავად იმ ხელისუფლებისთვის, ვინც ამას შეეცდება, რადგან ეს ინტეგრირებული სისტემები შეიძლება, ჩამოიშალოს. მაგრამ პოლიტიკური განცხადებები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია – პოლიტიკოსი განსაზღვრავს შემდეგ პროცესს. აქ კი ზიანის მიღება შეგვიძლია.

რაც შეეხება ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს, ის მაინც მნიშვნელოვანი რჩება და ეს გეოგრაფიაზეა დამოკიდებული და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ჩვენს სამხრეთით მუდმივად ტურბულენტური ზონა იყო, შესაბამისად, ნაკლებად ეფექტური დამაკავშირებელი ფუნქციისთვის. ჩვენ და რუსეთი ვიყავით დერეფნის თვალსაზრისით კონკურენტები, მაგრამ რუსეთი დიდი ხანი იქნება სანქციების ქვეშ, შესაბამისად, მთელი დატვირთვა გადმოდის შუა დერეფანზე და საქართველოს ეს ერთ დროს საოცნებო გეოპოლიტიკური ფუნქცია (რომელიც შევარდნაძის პერიოდში გარკვეული დოზით იქნა რეალიზებული), ახალ იმპულსებს იძლევა. ამის არგამოყენება ეკონომიკურადაც დამაზიანებელი იქნება. ამ ახალ მოცემულობას შეუძლია, დიდი პროექტების განხორციელების ძალიან რეალური შესაძლებლობები შემოგვთავაზოს. რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ნავთობსადენები, გაზსადენები – ხელახლა განიხილება, როგორც ეს 1990–იანი წლების დასაწყისში იყო, როდესაც თავიდან იწყებოდა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ფორმირება და აქ საქართველოს ფუნქცია.

- ეკონმიკური თვალსაზრისით ალბათ, ისარგებლებენ, იგივე აზერბაიჯანის მაგალითიც რომ გავიხსენოთ და მასთან თანამშრომლობა, მაგრამ პოლიტიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია...

- საქართველო არაა აზერბაიჯანი, ჩვენს მიმართ მოთხოვნები და სტანდარტები უფრო მაღალია, მით უფრო, რომ ოფიციალური განაცხადი გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული. ამბიციებს შესაბამისი ნაბიჯები სჭირდება, რომლებიც არა თუ იდგმება, უკან მივდივართ ბევრი მიმართულებით. აზერბაიჯანის მიმართ შესაძლოა, სხვა დამოკიდებულებები იყოს, საქართველოს მიმართ კი კონკრეტული მოთხოვნებია, მათ შორის, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმა, რომელიც დიდი ხანია, „ჩამოკიდებულია“ ქართულ–დასავლურ ურთიერთობებში. ისინი აქ ტოლერანტულები ვერ იქნებიან, რადგან უზარმაზარი რესურსები ჩადეს, რომ ეს ინსტიტუტები განვითარდეს და იყოს დამოუკიდებელი. ამჟამად პროექტების განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის, ელექტროსადენის მშენებლობაზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა, შეფერხებებით წავიდეს და მაინც დაზიანდეს.

- ბოლო პერიოდში სხვადასხვა დონის რუსი პოლიტიკოსები საგრძნობლად ხშირად ახსენებენ საქართველოს და მათი ნარატივი, სხვათა შორის, თანხვედრაშია მმართველი გუნდის წევრების განცხადებებთან „ომში ჩათრევის“ მცდელობის თაობაზე. ხედავთ მათ შორის კავშირს? და თქვენ რას უკავშირებთ რუსი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს თემის გააქტიურებას?

- კვლავ დაშვების დონეზე რომ ვისაუბროთ – რუსეთი გარკვეულ იზოლაციაში მოექცა თავისი ტრადიციული მოკავშირეების მხრიდნაც კი. მას პრაქტიკულად, ბელარუსის გარდა არავინ დარჩა ერთგული პარტნიორი. გზავნილების „გადმოგდება“ შესაძლოა, გულისხმობდეს იმას, რომ თუ რამეა, ჩვენც შეგვიძლია, დავიწყოთ პარტნიორობა. ეს რამდენად შეთანხმებულია, ამაზე საუბარი არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ დამთხვევაა. თუმცა, ნარატივი, რომელსაც, რუსეთი ზოგადად იყენებს, რომ დემოკრატია არაა ეფექტური, ვერ მუშაობს, ამ რიტორიკას ემსგავსება ჩვენი ხელისუფლების რიტორიკაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება – პოპულისტურ მთავრობებს იგივე ახასიათებთ, მაგალითად, უნგრეთში. შეთანხმებულია თუ არა ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია, შემიძლია, დავადასტურო. თავის დროზე პარლამენტში კვლევა მოვამზადეთ და მიგნებებში გამოიკვეთა, რომ რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზია, დემოკრატიის ლეგიტიმაცია მოშალოს თავად დასავლეთის და პროდემოკრატიულ ქვეყნებში, მოსახლეობაში გააჩინოს განცდა, რომ დემოკრატია აღარ მუშაობს.

- შემაჯამებლად რომ ვთქვათ, ზოგად სურათში სად არის საქართველო? ომის დაწყების შემდეგ ვხედავდით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებას, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი პროგნოზირებდა, დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, მოუწევს არჩევანის გაკეთებაო...

- ჩვენ არჩევანი არ გვაქს: ეს არ არის არჩევანი რამესა და რამეს შორის – გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული, საზოგადოების დამოკიდებულება გარკვეულია და პრაქტიკულადაც არაფერს გვთავაზობს ალტერნატივა.

- ეს ჩვენ, საზოგადოებას, მაგრამ თქვენც ამბობთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ქცევა გაუგებარია...

- მგონია, რომ დაბნეულები ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის შიგნით გაიძლიერა პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ NDI–ს ბოლო კვლევით, 25%–იანი მხარდაჭერა აქვთ, იმ ფონზე, როდესაც სრული მელანქოლიაა საზოგადოებაში, პოლიტიკური პარტიების მიმართ ინდიფერენტულია, ამ რეიტინგმა მნიშვნელოვანი წარმატება შეიძლება, მოუტანოს მმართველ გუნდს არჩევნებზე. ანუ ქვეყნის შიგნით პოზიციები გაიმყარეს. მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მეგობრების დაკარგვა, ამგვარი გაურკვევლობა, უნდობლობა ძალიან დამაზიანებელი იქნება. ამდენად, გეოგრაფიულად იქ ვართ, სადაც ვიყავით, ხოლო რამდენად იყენებს ქვეყანა გეოპოლიტიკურ მოცემულობას და გამოწვევებთან ერთად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს? ეს არის მთავარი კითხვა. და რასაც ვხედავთ, არათუ ვიყენებთ, პირიქით, ვაზიანებთ ჩვენს ინტერესებს.

- ანუ, შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველო დაპაუზებულია...

- დიახ, გარკვეულწილად დაპაუზებული და მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა ახალი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კონცეფცია, კონფიგურაცია დღეს ცოტათი გაურკვეველია, განსაკუთრებით, რეგიონის, მაგრამ იკვეთება ახალი ხაზები, მათ შორის არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ცალსახად პრიორიტეტი ხდება რეგიონში: შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც ამერიკისთვის, ისე ევროპისთვის ინტერესთა გადაკვეთის საინტერესო წერტილი ხდება. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეიძლება, იყოს. აი, ჩვენ მოთამაშეები ვიქნებით, თუ დამკვირვებლები, მათ შორის სხვაობა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: თუ აქტიური მონაწილეები ვიქნებით, მეტი გარანტია გვექნება, თუ პასიურები – ალბათ, არ დაგვჩაგრავენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვიღაცას შეეძლება, თავში „წამოგვარტყას“. ამ ეტაპზე ყველაფერი გაურკვეველია და არც გარკვევის პროცესში ვმონაწილეობთ, არც ჩვენს ინტერესს ვაჩენთ, რომ გვინდა, შავი ზღვა იყოს გამართული კონცეპტუალურად, ტექნიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. ცხადია, ამ შეფასებებში საჯარო ინფორმაციებს ვეყრდნობი და არ ვიცი რა ხდება დახურულ „ფაილებში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები