ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ 5–დან 2 დოკუმენტში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ
13/02/2023 09:40:15 პოლიტიკა
ევროპარლამენტი 15 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.
რეზოლუციისთვის ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა 5 სამუშაო დოკუმენტი წარადგინეს, რომელთაგან 2 დოკუმენტში ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორია ევროპის სახალხო პარტია (EPP), მეორე კი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წარდგენილია.
"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაჭრელად", - აღნიშნულია EPP-ს ტექსტში.
"გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას. განიხილავს მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, როგორც ლაკმუსის ტესტს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების და სურვილის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - აღნიშნულია ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის რეზოლუციის ტექსტში.
ევროპარლამენტარები რეზოლუციის 5–ვე სამუშაო ვარიანტის განხილვის შემდეგ შეჯერებულ რეზოლუციას დაამტკიცებენ.


