Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი – რუსეთთან ფრენების შესახებ: "საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან"

ევროკავშირის ელჩი – რუსეთთან ფრენების შესახებ: "საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან"

13/02/2023 10:22:47 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან. თუმცა იგი "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პოზიცია ევროკავშირთან თანხვედრაში უნდა იყოს.

"უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია", - ამბობს ელჩი.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სანქციებით, გავლენა მოახდინოს რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებებზე, რათა შეაჩერონ უკრაინაში ომი.

ჟურნალისტმა პაველ ჰერჩინსკის ასევე ჰკითხა, რას ფიქრობდა, რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შექება მისთვის, რაზეც ელჩმა ასე უპასუხა:

"ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი".

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური რამდენიმე დღის წინ გახდა, როცა ქართულენოვანი პრორუსული მედიის “ალტ-ინფოს” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების "ვაჟკაცობა" შეაქო საკუთარი “ეკონომიკური ინტერესებით” ხელმძღვანელობის გამო.

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთთან, ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S