მივესალმები მერაბიშვილის გამოჩენას, დიდი საჩუქარია მმართველი პარტიისთვის – კალაძე
13/02/2023 12:03:06 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილის საჯაროდ გამოჩენა მმართველი გუნდისთვის დიდი საჩუქარია.
„ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი პარტიისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლავთ მერაბიშვილი, ხაბეიშვილი – ეს ჩვენთვის კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, რომ ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მერაბიშვილი, როგორიც არის ხაბეიშვილი, ეს არის შესრულებული, აღსრულებული და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ექს–პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ მარკ ფეიგინის გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ კმაყოფილია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებითა და ამ არჩევნების შემდეგ პარტიის მოქმედებით.


