„დახურულ რეჟიმში ვიკითხე“: რუსი ჟურნალისტი სააკაშვილის საკითხზე ევროპაში, მათ შორის, საფრანგეთში არსებულ განწყობებზე საუბრობს
14/02/2023 08:05:52 პოლიტიკა
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკითხი ევროპის დღის წესრიგში დგას. ამის შესახებ ჟურნალისტს მსმენელმა ჰკითხა, როდესაც ვენედიქტოვი, მათ შორის, საფრანგეთში გამარულ შეხვედრებზე და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერთან ჩაწერილ ინტერვიუზე საუბრობდა.
ვენედიქტოვმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საფრანგეთის საგარეო უწყების პრესპიკერთან ჰქონდა შეხვედრა, არამედ უფრო მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, იმყოფებოდა ელისეის სასახლეში.
„დიახ. მე ამის შესახებ დახურულ რეჟიმში ვიკითხე. იცით, რომ ელისეის სასახლეშიც ვიყავი... ჩვენ გავიხსენეთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი საფრანგეთის მოქალაქე იყო. როგორც მესმის, საფრანგეთი არასაჯაროდ ახორციელებს ზეწოლას, რომ სააკაშვილი...მოკლედ, ასე ვიტყვი – სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული. ევროპაში ინსტიტუციებს პატივს სცემენ და არ შეუძლიათ, თქვან, რომ „იცით, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურიაო“, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასავლეთის ექიმების მონაწილეობით, გაგზავნონ სამედიცინო თვითმფრინავი, დააკვირდნენ მის ჯანმრთელობას (ევაკუაცია ცალკე საკითია) მინიმუმ, ორ ქვეყანაში ამის მზაობაა. როგორც მივხვდი, მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად“,– განაცხადა ვენედიქტოვმა და დასძინა, რომ ამასოვაში ვითარება უფრო და უფრო მძიმდება.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


