სარჯველაძე: "საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება"
14/02/2023 11:05:48 პოლიტიკა
მმართველი პარტიის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "უცხოური აგენტების" სიაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავირებით ამბობს, რომ "საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება".
"საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატების ჯგუფმა "ხალხის ძალამ" 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.
დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ" პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.
ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.


