Accentnews.ge
„ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ

14/02/2023 11:37:55 პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“, რომლებიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდნენ, მაგრამ ვინაიდან ამ უკანასკნელმა უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, პარტიას გამოეყვნენ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე, ამავე თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთხელ შექმნის მიზნით.

ინფორმაციისთვის: აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელი აქვს მოგებული სტრასბურგში, ხოლო ჰააგის გამოძიებამ საბრალდებო დასკვნები დადო თავდამსხმელთა მხარეს.

როგორც „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მისივე თქმით, საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე ღიად საუბრობენ.

„ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ, მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არა აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ, თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში; ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს.

მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება ჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში“, - განაცხადა ინჯიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S