ფირალიშვილი: „საკუთარ ბედს ვერ კი არა, არ ვქმნით!“

14-02-2023 20:16:59 ინტერვიუ

ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან.

– ბატონო ზაზა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური ომი გააჩაღა, საწყის ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები თითქოს ცდილობდნენ თავის მართლებას დაკავებული პოზიციის გამო, შემდეგ გაჩაღდა საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური კამპანია და ახლა უკვე ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე შინაარსის განცხადებების მოსმენა გვიწევს. მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, ქართულ საზოგადოებაში სტაბილურად მაღალია პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა, ასევე რუსეთის, როგორც საფრთხის აღქმა. ანტიდასავლური განცხადებების მიმღებლობა და ქვეყნის დეკლარირებული საგარეო კურსის მიმართ საზოგადოების განწყობა ერთმანეთთან თანხვედრაში როგორ მოდის? თქვენ რა ახსნა გაქვთ?

– ვიდრე არ იარსებებს პოლიტიკური ძალა, რომელშიც საზოგადოება თავისი პოლიტიკური ნების განმახორციელებელს დაინახავს და რომელზედაც მოახდენს თავისი აზრის, განწყობების დელეგირებას, მანამდე, მიუხედავად იმ სურათისა, რაც საზოგადოებრივი კვლევის შედეგებიდან ჩანს, პასიური იქნება. უნდა არსებობდეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ნდობის კრიტიკულად მაღალ ხარისხს ატარებს. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციაში ასეთი პოლიტიკური ჯგუფი არ არსებობს. ვფიქრობ, ესაა მთავარი მიზეზი.

– და არსებობს რეალური აღქმა ვითარების? რას ნიშნავს, როდესაც საგარეო ვექტორთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, იცვალა თუ არა კურსი საქართველომ?

– ვფიქრობ, რომ საზოგადოების საკმარისად დიდ ნაწილს აქვს ამის აღქმა. მაგრამ ნუ გვექნება ილუზია, რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდეს ეს გააზრებული. მსგავსი რამ არ ხდება – შეერთებულ შტატებშიც არაა მთელი საზოგადოება აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პანორამაში. იქაც არიან ადამიანები, და არც თუ ცოტა, რომელთაც შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტის სახელიც არ იცოდნენ. ამდენად, ნუ გაგვაკვირვებს, რომ ვიღაცეებმა შესაძლოა, არც იცოდნენ, რადგან ცხოვრობენ იმ მითოსში, რომელშიც დაიბადნენ, რომელიც გადმოეცათ მამებისგან, პაპებისგან: მითოსში სტალინის შესახებ; მითოსში თუ რა ბედნიერად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და ა.შ. არც უნდათ, რომ გაერკვნენ. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების წილი ძალიან დიდია ყველა, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებაში. ამავდროულად, არსებობს რაღაც წილი საზოგადოებისა, რომელიც მენტალურად მაინც აქტიურად არის ჩართული მის გარშემო მიმდინარე პროცესებში. და როდესაც ვსაუბრობ, არ ენდობიან ოპოზიციურ პარტიებს–მეთქი, სწორედ საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი მყავს მხედველობაში, რომელიც შემდეგ იქცევა ხოლმე მთელი დანარჩენი საზოგადოების „ძრავად“. ამათ ამოძრავებასაც ვერ ახერხებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაც ხდება ჩვენს ოპოზიციაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფას ვუწოდებდი. მუდმივად აბსურდულ მოწოდებებში, სიტუაციის ზღვრამდე დაძაბვის მცდელობაში მივიღეთ სწორედ ის პასიური მოსახლეობა, რომელიც აღარ ენდობა, ხედავს რა, რომ საქმე ეხება ძალაუფლების მოპოვებას და არა იდეალებისთვის ბრძოლას.

– და ინდიფერენტული ხდება საკუთარ მომავალთან, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებითაც?

– რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, მე ინდიფერენტული არ ვარ, მაგრამ ვერ დამისახელებთ ძალას, რომელსაც გავყვები საბრძოლველად.

– მაგრამ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და კომპრომისულად მისცემ ხმას...

– დიახ, მაგრამ არსებობენ ჩემზე და თქვენზე ათასჯერ მეტნი, რომელთა ტვინშიც შესაძლოა, ეჭვი გაჩნდეს გამალებული პრორუსული პროპაგანდის ფონზე, „იქნებ მართალია ეს ხალხი, იქნებ მართლა უმწეოა ამერიკა, იქნებ მას მართლაც ცუდი უნდა ჩვენთვისო“ და ა.შ.

– ფიქრობთ, რომ ეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის, მმართველი გუნდის ჩართულობით, თავის როლს თამაშობს?

– მუშაობს! მათ შორის, ხდება ყველა იმ ადამიანის მობილიზება, რომელიც ჩუმად ატარებდა საბჭოთა ნოსტალგიას. მათი რაოდენობა კი არ გაზრდილა, უბრალოდ ისინი გააქტიურდნენ, წინა პლანზე გამოვიდნენ. ადრე ვერ ბედავდნენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, ახლა ბედავენ.

– ვერ ბედავდნენ იმიტომ, რომ მსგავსი პოზიციონირეაბა საზოგადოებაში არ იყო მიღებული, აღიქმებოდა ნეგატიურად. ანუ ახლა მისაღები გახდა?

– ახლა ხედავენ, რომ გარკვეულ წრეებში მაინც პრესტიჟულია ამგვარი პოზიცია. ეს ტრაგედიაა, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ როდესაც სიტუაციას აღვწერთ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. თუ არ ვცდები, 2011 წელს მოხდა, როდესაც ერთ–ერთ კვლევაში ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპათია გამოხატა გამოკითხულთა 31%–მა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უჭერდნენ მხარს. მაშინვე, რაც შეიძლებოდა ხმამაღლა, რამდენჯერმე ვთქვი (იმედით, რომ ვინმეს ყურს მივაწვდენდი), რომ ეს იყო კატასტროფა, იმის სიმპტომი, რომ პრორუსულ პროპაგანდას ქვეყანაში უკვე საფუძველი ჰქონდა გაჩენილი. ახლა კი ეს გაღრმავდა! მახსოვს, მაშინ „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენცია იყო და იქაც ვისაუბრე ამის შესახებ, „ეს კატასტროფაა, ხალხო! როდესაც ასე იზრდება ამ ადამიანების რაოდენობა, პასუხისმგებლები თქვენ ხართ – პროდასავლური ყაიდის პარტიები! ანუ ისინი თქვენს იმედს კარგავენ, თქვენში ვეღარ ხედავენ საყრდენს!“, მაგრამ „აისხლიტეს“. ამდენად, ტენდენცია ძალიან მკაფიოდ ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, დღეს კი ეს რეალობად იქცა და ამას რა შეიძლება, ეშველოს, ვერ გეტყვით. არ იფიქროთ, რომ სააკაშვილის ბედის მიმართ გულგრილი ვარ, მაგრამ როდესაც ეს თემაა ცენტრალური პოლიტიკური პრობლემა ქვეყანაში და ამაზე ზრუნავს არა მხოლოდ ოპოზიცია, ხელისუფლებაც, ბუნებრივია, რომ ასეთი მარგინალური იდეოლოგიური დინებები წინა პლანზე წამოვიდეს. დღეს საქართველოში არ არის პოლიტიკოსი, რომელიც ინტეგრალურად ხედავს ქვეყნის პრობლემებს – ან ერთში გადავარდებიან, ან მეორეში! არ აქვთ უნარი, ყველა პრობლემა ერთიანად და კონტექსტში დაინახონ, ხედავენ ჩხირს, მაგრამ არა ტყეს, არ აქვთ სტრატეგიული ხედვა და ამას მე დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ტრაგედიად აღვიქვამ! იმ მასშტაბის პოლიტიკური მოაზროვნეები, როგორიც იყო თუნდაც ზვიად გამსახურდია, აღარაფერს ვამბობ ედუარდ შევარდნაძეზე, დღეს არ გვყავს.

და ეს მმართველ გუნდს და პრორუსულ ძალებს სითამამეს აძლევთ. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პრორუსული ძალების არნახული გააქტიურება საქართველოში, რადგან ეს ომის ერთ–ერთი ასპექტი იქნება, რათა მოხდეს ჩვენი პარალიზება, იზოლირება ამ პროცესებიდან და ა.შ. ეს ძალები მაინც და მაინც პრორუსული ტერმინებით კი არ ლაპარაკობენ, ხელს უწყობენ იმგვარი პოლიტიკური პროცესების გაცხოველებას, რომელთაც სხვაგან მიჰყავხარ და არა იქ, სადაც უნდა იყო. დღეს ისინი სიამოვნებისგან იფშვნეტენ ხელებს, როდესაც ხედავენ, რა არის საქართველოში მთავარი პოლიტიკური თემები, რომ ქართველი პოლიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ დიამეტრულად შეიცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ქვეყანაა – სამხრეთ კავკასიაში სრულიად სხვა აქტორები გააქტიურდნენ და დამკვიდრდნენ, ეს ყველაფერი მხედველობის მიღმაა!

ათასნაირად მოსინჯეს პრორუსული ტონალობის შემოტანა ამ სამი ათწლეულის განმავლობაში და დღეს ეს ფორმები მოძებნეს. შეგვიძლია, ვისაუბროთ, როგორ გაჩნდა 90–იან წლების დასაწყისში ჩვენს მასმედიაში პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ „მასონური ამერიკა ცდილობს მართლმადიდებლური სამყაროს მოსპობას“ და ა.შ. არ იფიქროთ, რომ მარგინალები იყვნენ, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები წერდნენ ამის შესახებ, მათ შორის, ერთ–ერთს პარლამენტში ძალიან მაღალი თანამდებობაც ეკავა. ეს „ძველი სიმღერაა“, მაგრამ ასე აგრესიულად ეს იდეოლოგია ვერ ბედავდა ასპარეზზე გამოსვლას, ეშინოდა ახალგაზრდების, სტუდენტების, საერთო განწყობილებების. იყო ერეკლეს, ილიას, სტალინის სახეების ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობები. ანუ არაფერია ახალი, მაგრამ ეს ხდებოდა სადღაც, პერიფერიაზე, ნაკლებ ყურადღებას იქცევდა და მხოლოდ ისინი ვამჩნევდით, ვინც ყოველ ნიუანსს ვადევნებდით თვალს.

ვფიქრობ, სააკაშვილის მმართველობის მთავარი უბედურება ის კი არ იყო, რაც ჩაიდინა (ყველა ხელისუფლება ცოდვილია ასე თუ ისე – ძალადობის მეტი თუ ნაკლები ხარისხი ახასიათებს), მთავარი დანაშაული იყო დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაცია – დასავლური კურსი მასთან გაიგივდა! დღესაც ბევრი ადამიანისთვის დასავლური ორიენტაცია სააკაშვილის მობრუნებას ნიშნავს, რაც ასე არაა, რა თქმა უნდა. ეს ხალხი დასავლეთიდან წამოსულ ყოველ სიგნალს, რომ ადამიანი არ შეიძლება, წამებით მოკლა ციხეში და ა.შ., აღიქვამენ არა ჰუმანურ მოწოდებად, არამედ პოლიტიკურ მცდელობად იმის შესახებ, რომ „უნდათ,სააკაშვილი თავს მოგვახვიონო“. ამ კუთხითაც იმუშავა პროპაგანდამ.

– ბრძანეთ, "90–იანი წლებიდან მოყოლებული იყო მცდელობები, თუმცა ვერ დაიმკვიდრა თავიო". და სად გვიპოვეს „სუსტი წერტილი“?

– საზოგადოებამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან პროდასავლურ იდეოლოგიაში მას საყრდენი პოლიტიკური ფიგურები არ ჰყავს და პარალიზებულია. პოლიტიკოსი ხომ საზოგადოების ინსტრუმენტია, საზოგადოებას კი დღეს ეს ინსტრუმენტი არ აქვს, რომლითაც წინააღმდეგობას გაწევს. ამით პრორუსული ძალები სარგებლობენ და ახდენენ თავიანთი რესურსების მობილიზებას, მათ შორის, ბოლოს თავს იმ ადამიანებსაც მოუყრიან, რომელთაც არც ის იციან, რა არის პროდასავლური კურსი და არც ის, თუ რა არის პრორუსული. აქ ვგულისხმობ საზოგადოების სრულიად პასიურ ნაწილს, რომელიც იგრძნობს, რომ ამათ მხარეს არის ძალა, პრესტიჟი და მათ მიეხუტებია.

– და მმართველი გუნდის მიზანი რა არის?

– ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: ბიძინა ივანიშვილი უაღრესად, მექანიკურობამდე მისული პრაგმატული ადამიანია და სრულიად უგრძნობელია იდეოლოგიების მიმართ. იდეოლოგია, როგორც ღირებულება, მისთვის არ არსებობს. მისთვის მთავარი ღირებულებაა შედეგი. იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის, რისი წყალობითაცაა ბიძინა ივანიშვილი, მისთვის სულ ერთია, საით გადაიხრება (ჩრდილოეთით, დასავლეთით), მთავარია, ეს მისთვის მომგებიანი იყოს და ამ ლოგიკით მოქმედებს „ქართული ოცნებაც“.

– ანუ, როგორც მესმის, აქ ლოგიკა ამგვარია: საზოგადოება გახადოს მოწყვლადი და როგორც წარიმართება ქვეყნის გარეთ პროცესები, საქართველოს საგარეო კურსიც შესაბამისად განხორციელდება. მთავარია, ქვეყნის შიგნით არ შეიქმნას პრობლემა, ამისთვის კი საზოგადოება უნდა იყოს მოწყვლადი?

– დიახ. მით უმეტეს, რომ სამწუხაროდ, მას ოპონენტი არ გააჩნია და იოლად ახორციელებს თავის მიზნებს. ფატალურად ვართ დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება ჩვენს გარეთ, რით დამთავრდება უკრაინის ომი! საკუთარ ბედს ჩვენ ვერ კი არა, არ ვქმნით!

– და ჩვენ რა გამოსავალი გვრჩება?

– საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, რა ხდება რეალურად, რომ ვიღაცეებმა მაინც იგრძნონ მორალური მხარდაჭერა, რომ პროცესი არ არის მიშვებული დინებაზე. მართლა არ მახსენდება ასეთი რთული პერიოდი. 90–იანი წლები ძალიან მძიმე იყო სოციალურად და მსოფლმხედველობრივადაც თავდაყირა იდგა ყველაფერი, მაგრამ მაშინ მეტი იმედი იყო, ახლები ვიყავით, იმედი გვქონდა, რომ რაციონალური და ზნეობრივი გაიმარჯვებდა. ახლა კი ეს პრაგმატიზმი, რომელიც მე ვახსენე, ისე ულმობელი გარდაუვალობით ეუფლება ქვეყანას, ამას წინააღმდეგობა რით უნდა გაუწიო ადამიანმა, არ ვიცი. ალბათ, ისევ საზოგადოებასთან საუბრით, რადგან ამ პრაგმატიზმს პოლიტიკური პარტიების არა, მაგრამ ინდივიდების ეშინია. 30–იანი წლების დასაწყისში არსებობდა დამოუკიდებელი ლიტერატურული ორგანიზაცია „ლეფელი“. სულ 12 წევრი ჰყავდა, ლიტერატურულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და სტალინმა აკრძალა ეს ორგანიზაცია. ამათ მისწერეს, „თქვენს უკან დგას უზარმაზარი არმია, სისტემა და 12 კაცის როგორ შეგეშინდათო?“. იცით, ეს 12 კაცი შესაძლოა, უფრო სახიფათო აღმოჩნდეს მათთვის, თუ კი არსებობს, რა თქმა უნდა.

– აკრძალეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის რესურსი დაინახეს...

– დიახ. ერთ დღესაც ბზარი გაჩნდება ამ მექანიზმში, ადამიანებიც იგრძნობენ, რომ რაღაც ისე არაა, როგორც ეგონათ.

– მაგრამ შესაძლოა, გვიანი აღმოჩნდეს...

– სწორედ ესაა სამწუხარო, რომ ისტორიამ შესაძლოა, არ დაგინდოს და იმ დროს კვლავ აღარ მოგცეს შანსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები