Accentnews.ge
“აგენტურაზე” რუსული ნადირობა საქართველოში: “ოცნება” დემოკრატიისთვის მორიგი დარტყმის მისაყენებლად ემზადება

“აგენტურაზე” რუსული ნადირობა საქართველოში: “ოცნება” დემოკრატიისთვის მორიგი დარტყმის მისაყენებლად ემზადება

14/02/2023 20:05:13 პოლიტიკა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, მნიშვნელოვნად წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც ქვეყანას სხვა სიკეთეებთან ერთად, ხელშესახებ ფინანსურ ბენეფიტებსაც მოუტანდა. მაგრამ ამისთვის ახლა მაინც უნდა შევასრულოთ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია – ქვეყნის წინსვლა-განვითარებისთვის აუცილებელი ის მკაფიო პირობები, რომელიც წესით, აქამდეც უნდა გვქონოდა შესრულებული და გვექნებოდა კიდეც, რომ არა ერთი წონადი გარემოება: მათი იმპლემენტაცია “ოცნებას” ძალაუფლებას მნივნელოვნად შეუსუსტებდა... არადა, სწორედ ამ პირობების შეუსრულებლობის გამო უფიქსირდება დღეს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კუთხით რეგრესი; სწორედ ამ რეგრესის გამო ვერ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ “ასოცირებული ტრიოს” ორი დანარჩენი წევრისგან – უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ევროპელმა პარტნიორებმა, რომელთაც გავეშებული რუსეთის პირისპირ საქართველოს მარტოდ დატოვება არ სურთ, მოგვცეს კიდევ ერთი შანსი და დრო: საქართველოს მიერ ხსენებული პირობების შესრულება ამჯერად წლის ბოლოს შეფასდება და თუ ამ ისტორიულ შანსს ხელიდან საბოლოოდ გავუშვებთ, ახალი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში აღარ მოგვეცეს.

ეს ყველაფერი მშვენივრად უწყის “ოცნების” ხელისუფლებამაც, რომელიც დაუღალავად აცხადებს, “ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებო”. ეროვნული ინტერესი, მით უფრო – ახლა, მომეტებული რუსული საფრთხის პირობებში, სწორედაც რომ მაქსიმალურად შესაძლებელი დაახლოებაა დასავლურ სტრუქტურებსა და პარტნიორებთან. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რატომღაც ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს: დასავლეთს “ომში ჩათრევის” შესახებ აბსურდულ ბრალდებებს უყენებს, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებებს, რომელიც მხოლოდ ერთი აქტორისთვის – ჩვენს მთავარ საფრთედ აღიარებული რუსეთისთვისაა სასიამოვნო მოსასმენი, ამის გამო მოსკოვიდან მაქებარ განცხადებებსაც ისმენს და დგამს სულ უფრო მეტ ნაბიჯს ავტორიტარიზმისაკენ, რაც არათუ არ გვაახლოებს, პირიქით, მაქსიმალურად გვაშორებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

დღეს ცნობილი გახდა ხელისუფლების მზადების შესახებ, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ დამღუპველი მიმართულებით: “ოცნებისგან” ფორმალურად გამიჯნულმა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური პოზიციითაა ცნობილი და არ მალავს, რომ მისი შეხედულებები “ოცნებისას” ემთხვევა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს.

გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი მოკლედ მიმოიხილავს პროექტის შინაარსს, რომლის თანახმად, "საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსთა შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტებისაც (არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის), რომელთა მიზანია ზეგავლენა საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონებისა თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში".

„ხალხის ძალის“ ჩანაფიქრის მიხედვით, კანონპროექტის საფუძველზე შეიქმნება “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრი მასში ყველა იმ არასამეწარმეო იურიდიული პირისა და მედიასაშუალების დასარეგისტრირებლად, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალების” მიერ ფინანსდება:

"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან” – განმარტეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ინიციატორებმა.

მათივე მტკიცებით, აღნიშნული კანონის მიღება “მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში”.

პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალა" გასულ წელს "ოცნების" დეპუტატთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა და თავი "პარლამენტში მესამე ძალად" გამოაცხადა. მისი დამფუძნებლები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი აცხადებენ, რომ "მმართველი პარტიის თანამოაზრეებად რჩებიან და ახმოვანებენ იმას, რასაც "ქართული ოცნება" ხალხს პირდაპირ ვერ ეუბნება". "ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდირებენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ საკუთარი ყალბი უპირატესობა საზოგადოების ზომიერ და გონიერ ნაწილზე", – ნათქვამია მოძრაობის პროგრამაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ხალხის ძალას” პრაქტიკულად დასრულებული აქვს მუშაობა კიდევ ერთ – მკაცრი ცენზურის დამწესებელ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებას უახლოეს დღეებში გეგმავს: მან “მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს”.

"ხალხის ძალის" წევრი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკასა და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება", რაც ძალზე საეჭვოა “ოცნებისგან” ფორმალურად გამიჯნული ამ ჯგუფის გამუდმებული ანტიდასავლური რიტორიკის გათვალისწინებით.

ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მაგრამ მოგვიანებით მისი მოქმედების არე მნიშვნელოვნად დავიწროვდა და სადღეისოდ უცხოური ლობისტური ორგანიზაციებითა და ლობისტებით შემოიფარგლება.

აი, საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში კი მსგავსი კანონი პრაქტიკულად ახალმიღებულია, რაც “ხალხის ძალას” დღეს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მისი მოქმედების შედეგად რუსეთში "უცხოურ აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციაა გამოცხადებული და ფაქტობრივად ყველა, ვინც პუტინის ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ექვემდებარება დასჯას, საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი - საპატიმრო ვადით.

აქვე გეტყვით, რომ იმ პირებს შორის, რომელთა საქმიანობასაც რუსული “როსკომნადზორი” "უცხოეთის აგენტებად" აღიარებისთვის იკვლევდა, აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, კერძოდ - პროექტ "Эха Кавказа"-ს ბლოგერი დიმიტრი მონიავა, შს ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპერტები გელა ვასაძე და ვახტანგ მაისაია, აწ გარდაცვლილი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე, მომღერლები თეონა კონტრიძე და ვალერი მელაძე, პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე, მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი (აკუნინი) და სხვები. როგორც გამოცემამ "Важные истории" Süddeutsche Zeitung-თან ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, სულ 804-კაციანი სიის პოტენციურ წევრთა შესახებ ინფორმაციას "როსკომნადზორის" შვილობილი სტრუქტურა - რადიოსიხშირული ცენტრი 2020-2022 წლებში აგროვებდა. ამ სიის 139 წევრი რუსეთში "უცხოეთის აგენტად" უკვე გამოცხადდა.

ქართულ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ იგივე მოჰყვება “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონის მიღებას საქართველოშიც და შედეგები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ძალზე მძიმე იქნება.

“ოცნების” დე ფაქტო წევრთა [“ხალხის ძალის” – რედ.] კანონპროექტის მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრების, მედიასაშუალებების პიარული დემონიზება წარმოადგენს მათთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მიბმით, ამის “გაფორმალიზებით”, პროპაგანდისა და შავი PR-ის მეშვეობით რიგითი მოქალაქეების გონებაში იმის დალექვით, რომ ყველა, ვინც “ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს, უცხოეთის აგენტია. ეს არის მიზანმიმართული შეტევა ამ სექტორსა და იმ დონორ ორგანიზაციებზე, რომლებიც ათეულობით წელია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით (მათ შორის - არჩევნებზე დაკვირვებით)” – დარწმუნებულია ოპოზიციონერი კახა ქემოკლიძე.

მისივე შეფასებით, “სინამდვილეში, ის არასამთავრობო თუ სხვა კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, დაფინანსების, ფულის წარმომავლობის, თანხების ხარჯვის აღრიცვისა და ადმინისტრირების კუთხით დღევანდელ “ქართულ ოცნებასა” და მის ხელისუფლებას ასი თავით სჯობნიან”.

“შევიდეთ მათ ვებ-გვერდებზე: ეს ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი! ამიტომაც კანონპროექტის რეალური მიზანი სხვაა: ბიძინა ივანიშვილს [“ქართული ოცნების” არაფორმალურ მმართველს – რედ.] განზრახული აქვს, ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია, “აგენტებად” გააფორმოს. ამ გზით “ოცნება” აპირებს განსხვავებული აზრის ჩახშობას, რაც შეფარულად ე.წ. მართვადი დემოკრატიის დამყარებას ნიშნავს. ამ კანონის მიღება იქნება მიზანმიმართული შეტევა ისედაც მყიფე ქართულ დემოკრატიაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე! “ოცნებას” ურჩევნია, საკუთარ ორგანიზაციაში, სამთავრობო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში, დიპმისიებში ჩანერგილ რუსეთის ნომრიან აგენტებს მიხედოს და ეყოს პოლიტიკური გამბედაობა მათი გამოვლენა-განეიტრალებისთვის” – დასძენს ოპოზიციონერი.

მისი კოლეგა ალეკო ელისაშვილი მავნებლური კანონის რუსეთიდან გადმოღებაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"უნდათ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ გადმოაკოპირონ რუსეთიდან. გაიხედეს, გამოიხედეს, 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, ზუსტად იმის გაკეთება უნდათ ჩვენთან! [თვალის ასახვევად – რედ.] რაღაცას იშველიებენ, “დასავლეთშიც ასეაო”. თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ იყოს, ხალხს სხვა დარდი და საფიქრალი არ ჰქონდეს! ეს ძალიან გაუგებარი და აღმაშფოთებელი ძალისხმევაა. ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ” – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა.

არა "ხალხის ძალის", არამედ "ოცნების" არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივად მიიჩნევს ხსენებულ კანონპროექტს "ლელოს" წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი:

"ვერ ვხედავ ნიშნებს იმისა, რომ კანონპროექტი მართლაც "ხალხის ძალის" მიერ იყოს ინიცირებული. ამ ყველაფრის უკან "ბიძინა ივანიშვილის ძალა" ჩანს, რომელიც სადღეისოდ მტრად მიიჩნევს მათ, ვინც ქართველ ხალხს მეგობრებად და პარტნიორებად მიაჩნია. გავიხსენოთ, გვნახავს კანონმდებლობა, რომელიც მსგავსი მეთოდებით ებრძვის განსხვავებულ აზრს? - სწორია, მხოლოდ რუსეთშიო!".

მისი კოლეგა "სტრატეგია აღმაშენებლოდან" პაატა მანჯგალაძე იმაზე აქცენტირებს, რომ ხელისუფლებისა და მისი სატელიტი ძალების რიტორიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

"ეს რეალურად, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის კანონპროექტია. ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, ბრძანება გასცა, გულდასმით გადმოეხატათ რუსული კანონმდებლობიდან ის ოდიოზური მუხლები, რომლებიც დასავლეთიდან დაფინანსებულ იურიდიულ პირებს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. ამით მხოლოდ დასტურდება ის, რაზეც ოპოზიცია დიდი ხანია, საუბრობს: ხელისუფლება არ იღწვის დასავლურ სივრცეში, პირიქით, იგი ემზადება, რუსულ ჭაობში ჩაახრჩოს საქართველო".

განსხვავებული ეჭვები აქვს "გირჩის" წევრ დეპუტატ იაგო ხვიჩიას, რომელიც, ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად, კანონპროექტის უკან "ქართულ ოცნებას" ხედავს, თუმცა თვლის, რომ საქმე არა პრორუსულ მისწრაფებებშია, არამედ იმაში, რომ "ხალხის ძალით" მანიპულირებით ბიძინა ივანიშვილი პრორუსული ელექტორატის მთელი ნიშის დაკავებას ცდილობს:

"ვფიქრობ, "ხალხის ძალას" არ გამოსდის, დამაჯერებლად ითამაშოს პუტინისტების როლი. ძნელი დასაჯერებელია, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უცებ რუსეთის პრეზიდენტის გულმხურვალე მიმდევარი გამხდარიყო. არა მგონია, ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდეს. ამდენად, ვთვლი, რომ ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ტრიუკია "ოცნების" მიერ პრორუსული ელექტორატის მისაზიდად".

თავად მმართველი პარტია კანონპროექტის ავტორობას არ აღიარებს, თუმცა არც მის მხარდაჭერას მალავს.

"საზოგადოებას უფლება აქვს და უნდა იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება, ვინ როგორ ახორციელებს თავის საქმიაობას. ხსენებული ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ეს სივრცე ანალოგიურ რეგულირებას დაექვემდებაროს" - აცხადებს "ოცნების" წევრი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.

საგულისხმოა, რომ ანალოგიურ კანონს რუსეთი ამჟამად ფაქტობრივად ძალით ნერგავს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქაური ომბუდსმენის, ოპოზიციის, არასამთავრობო და მედია-სექტორის, ასევე ცალკეული საზოგადო მოღვაწეების, ანალიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა – კრემლის შეგირდმა ინალ არძინბამ დე ფაქტო სუს-ის ხელმძღვანელ რობერტ კიუტთან ერთად ორიოდ დღის წინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე უკვე დააანონსა “მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები”. და მიუხედავად ამ საჯარო მუქარისა, აფხაზური საზოგადოება დაგეგმილს აქტიურად აპროტესტებს.

იმედია, დემოკრატიის წინააღმდეგ მორიგ მძლავრ შეტევას არც ქართული საზოგადოება შეეგუება და მიახვედრებს მმართველ ძალას, რომ მართალია, უკვე ბევრი არგასატარებელი “გაუტარა”, მაგრამ ყველაფრის “გადასაყლაპად” მზად არ არის.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S