ელისო ბოლქვაძე – გელათზე: "საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი"
15/02/2023 13:52:17 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროდან "დამაჯერებელ პასუხებს" იღებდნენ. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა დოკუმენტს არ იცნობს და უნდა გაერკვიოს, იყო თუ არა შეცდომა დაშვებული რეაბილიტაციის დროს.
"საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ადამიანები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე. ეს თემები მტკივნეულია, მაგრამ მოგვარებადია. [არის თუ არა შეცდომა დაშვებული] მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ. ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი. მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ... გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე..." - თქვა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის სხდომაზე მან დეპუტატებს მიმართა წინადადებით, რომ "გელათთან დაკავშირებით არაფორმალურ ფორმატში შევიკრიბოთ - თხოვნა მაქვს, ცივი გონებით, პრაგმატულად ქვეყნის ინტერესებში შევიკრიბოთ და თუ რაიმე შეგვიძლია, ჩვენ მხოლოდ სამშვიდობო კვლევები ჩავატაროთ!".
მისი თქმით, ამბიციები ყველამ უკან უნდა დახიოს და იმ ღირებულებას მოემსახუროს, რასაც გელათი ჰქვია.
30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა".
გელათის მონასტერთან დაკავშირებული დასკვნა, სადაც იქ ჩატარებული რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი, თავისუფლების მონიტორმა მოიპოვა.
14 თებერვალს საპატრიარქომ დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია. უკვე 15 თებერვალს კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა ერთი კვირით გადაიდო და 24 თებერვალს ჩატარდება.


