ხვიჩია: "ველოდები, რომ დაიწყება კამპანია, „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“
16/02/2023 10:30:40 პოლიტიკა
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი გუნდების წევრებისგან ევროპარლამენტის დისკრედიდატიის გააქტიურებას და კამპანიის გაჩაღებას ელის, „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“. ის მოცემულ ვითარებაში მართებულ გზად საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას ხედავს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების დამსახურებით კარგავს ქვეყანა ისტორიულ შანსს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პარტნიორებთან დაკავშირებული განცხადებებით საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, რადგან ჰგონია, რომ შეუძლია მათ ყველაფერი დააჯეროს.
"ეს რეზოლუცია უნდა შესრულდეს ევროპელებთან ერთად და მის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება იმის კამპანია, რომ „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“. სწორი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, რომ შანსი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით და მათ მიერ არაფრის არაღიარების გამო იკარგება.
ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და ადრე თუ საუბრობდნენ, რომ „მარგინალური ჯგუფები“ მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ცხადად გვეუბნება ევროპარლამენტი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. მგონია, რომ ამას პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება და იფიქროს იმაზე, თუ რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას. „ქართული ოცნების“ რეაქცია ნიშნავს გაჯიუტებას და იმის არაღიარებას, რაც ხდება, მეგობრების გაღიზიანების სურვილს. როცა 577 კაცი გეუბნება, ასე მოიქეციო და შენ ახლოს არ ხარ საპასუხო არგუმენტაციით, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. ამომრჩევლებს მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებსაც ყველაფერი შეიძლება დააჯერო“, - განაცხადა ხვიჩიამ.


