Accentnews.ge
„პოლიტიკურ დონეზე სერიოზული მოლაპარაკება შედგება“: რატომ არ აქვს „ჩალის ფასი“ 577 ევროდეპუტატის მხარდაჭერილ რეზოლუციას

„პოლიტიკურ დონეზე სერიოზული მოლაპარაკება შედგება“: რატომ არ აქვს „ჩალის ფასი“ 577 ევროდეპუტატის მხარდაჭერილ რეზოლუციას

16/02/2023 11:05:02 ანალიზი

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი გუნდის წევრები მყისიერად შეუდგნენ ევროპარლამენტის მიერ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გაუფასურების მცდელობას მწვავე კრიტიკის ტრადიციული პერსონიფიცირებითა და მორიგი ანტიდასავლური გზავნილებით, მაგრამ ბევრმა კიდევ უფრო საგანგაშოდ სახელისუფლებო პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის 15 თებერვლის განცხადება აღიქვა: კალაძემ თავს უფლება მისცა და მათ შორის, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად ქუჩაში გასული ათასობით ადამიანის (რომ არაფერი ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით სტაბილურად მაღალ მხარდაჭერაზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე) ნაცვლად, რომელთათვისაც შინ, ევროპაში დაბრუნება, რიგი ქართველი მილიონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რუსული „მორევიდან“ თავის საბოლოოდ დაღწევის, თავისუფლების, არა ემიგრაციაში, არამედ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრების შანსია, თქვა, „თუ არ მოგვცემენ კანდიდატის [ევროკავშირში წევრობის – რედ.] სტატუსს, თავისთვის დაიტოვონო“. ბევრმა ეს გზავნილი არა წამოცდენად, შესაძლო მძიმე გადაწყვეტილებებისადმი საზოგადოებრივი აზრის შემზადების და „ბრალდებულის“ მოძიების მცდელობად აღიქვა, მით უფრო, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია, კრიტიკის მიუღებლობით, დაპირებების შეუსრულებლობით (მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით) განუხრელად შეუდგა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში „ნაღმების“ გამალებულად ჩადების გზას. ამ კუთხით კიდევ ერთ ტესტად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, სახელისუფლებო პარტიას „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი, ცრუ დილემებისა და შეთქმულების თეორიების აქტიურად შემომთავაზებელი „ხალხის ძალის“ ინიცირებული პროექტი სახელდება „უცხოური აგენტების“ შესახებ (მის მიმართ სიმპათიას ადასტურებს მმართველი პარტია), რომლის კანონად ქცევამაც ისტორიული შანსის – კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 წინაპირობა შესაძლოა, დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.

იხილეთ ასევე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ინიცირებულმა კანონპროექტმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია"

კვლავ რეზოლუციას რომ დავუბრუნდეთ, ცხადია, 577 ხმით 33-ის წინააღმდეგ დამტიკიცებულ დოკუმენტს არ აქვს „ჩალის ფასი“, როგორც ამაში მმართველი გუნდი გვარწმუნებს, რადგან ის ევროკავშირში არსებულ განწყობებს ტრანსლირებს, მაგრამ კონვერტირდება თუ არა განწყობა კონკრეტულ ქმედებებში? ეს დღეს მთავარი კითხვაა.

„გულწრფელად ძალიან უნდათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ, მაგრამ ამისთვის საფუძველი სჭირდებათ. აი, ახლობელი ადამიანი რომ გიღალატებს, მაგრამ არ გსურს ამის დაჯერება, დაახლოებით ამგვარი განწყობაა“,– უთხრა „აქცენტს“ ევროკავშირის დიპლომატიურ წრესთან დაახლოებულმა წყარომ.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, კონკრეტული ნაბიჯები დამოკიდებული იქნება, რამდენად გაიზიარებენ წევრი ქვეყნები ევროპარლამენტში არსებულ განწყობას, ხოლო შემდეგ, 27–ვე ქვეყანა რამდენად შეძლებს საკითხის ირგვლივ თანხმობის მიღწევას.

„მმართველი გუნდი ალბათ, ეცდება (ამის ნიშნები ახლაც ჩანს), დისონანსი შეიტანოს წევრ ქვეყნებს შორის. მაგალითად, წევრმა ქვეყნებმა ვერ მიიღწიეს შეთანხმებას სააკაშვილის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ როგორც დღეს გაჩნდა ინფორმაცია, უნგრეთი იყო წინააღმდეგი. „ქართული ოცნება“ ალბათ ასევე შეეცდება, გამოყოს რომელიმე ქვეყანა, მასთან იმუშაოს, რომელიც რაღაც ეტაპზე შეიძლება, იქცეს დამაბრკოლებელ ფაქტორად“,– ამბობს „აქცენტთან“ ჩხიკვაძე და დასძენს, „თუ ოფიციალური განცხადებებით ვიმსჯელებთ, ერთადერთმა უნგრეთმა განაცხადა საჯაროდ, რომ „არასწორი იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს“, სხვებისგან მსგავსი რამ არ მოგვისმენია და ვერ ვხედავ მათი მხრიდან პოზიციის ცვლილებას. ზოგადად, ძალიან ბევრ რამეში ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უნგრეთისას. თუნდაც კანონის ინიცირება, რომელიც უკავშირდება „უცხო ქვეყნის აგენტებს“, დიდწილად, სახელმძღვანელოა, რომლითაც თავის დროზე უნგრეთი სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს“.

პოლიტიკის კომენტატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეზოლუციაში ორ მთავარ გზავნილს ამოიკითხა:

„ევროპარლამენტი გამოხატავს პოლიტიკურ განწყობებს და მან ეს თემა გადაულოცა ევროკომისიას, რომელიც ბიუროკრატიული ორგანოა და ევროპულ საბჭოს, რომელიც მთავარი პოლიტიკური ორგანოა. ანუ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით და დღეს საქართველოს საკითხის გადაწყვეტის წინაპირობა არის სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება არ იქნება საკმარისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რადგან მაშინ ეს ყველაფერი მძევლებით ვაჭრობას დაემსგავსება და ბუნებრივია, ამას არავინ დაეთანხმება. ამიტომ, ახლა გარკვეულწილად მოლაპარაკების სივრცის დავიწროება ხდება: ერთის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა უნდათ. გამოქვეყნებული ტექნიკური ანგარიში, რომელიც არ შეიცავდა მხოლოდ 23–ე თავს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ თუკი პოლიტიკური ნება გამოჩნდება საქართველოდან, ევროკავშირი მზადაა, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. მეორეს მხრივ, რეზოლუციაში წერია კიდეც, რომ თუ სიტუაცია უარესდება საქართველოში, მაშინ სანქციები გარდაუვალია!“.

ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ ოქტომბრამდე ევროკავშირს ექნება მცდელობა საქართველოს მთავრობასთან სერიოზული, არაბიუროკრატიულ, პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკების:

„ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეს ივანიშვილმა სერიოზულად აღიქვას, აქ არა მხოლოდ ევროპელები, ამერიკელებიც უნდა იყვნენ ჩართულნი, რადგან ივანიშვილი (ისევე, როგორც პუტინი) ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევს. ეს როდის მოხდება, არ ვიცი, რადგან სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსიც იწურება, მაგრამ რაღაც მომენტში ეს მოლაპარაკება შედება. შემდეგ, თუ ივანიშვილი, თავის კალკულაციაში ჩათვლის, რომ სანქციები რეალურია, მეორეს მხრივ, კანდიდატის სტატუსის მიღება მას ისეთ რენომეს უნარჩუნებს ქვეყანაში, რომ შეძლებს, კიდევ იტივტივოს, შესაძლოა, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, ის, რომ ჩვენ გაფორმებულ ბელარუსში შევდივართ, ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

საბოლოო ჯამში შეგრძნება უნდა გაჩნდეს ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, რომ საქართველო დაკარგული არ არის. ამას იმ 12 რეკომენდაციიდან რამდენი საკითხის შესრულება ეყოფა, როდესაც შედგება ივანიშვილთან მოლაპარაკება (მჯერა, რომ ის შედგება), საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებათა ფორმატში გაირკვევა. მაგრამ ვიმეორებ, სააკაშვილის სიცოცხლე არ არის მოლაპარაკებათა საგანი, ეს მოლაპარაკების დაწყების წინაპირობაა“.

ხსენებულ მოლაპარაკებებამდე ჭიაბერაშვილი სანქციებს არ ელის და არც მიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის სივრცე დაიხურება: „ამდენად, ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებულია იმაზე, შედგება თუ არა და როგორ შედგება მოლაპარაკებები. ვიმედოვნებ, სანქციებზე იმდენად მკაფიო გზავნილი იქნება, რომ ეს აიძულებს ივანიშვილს, წავიდეს დათმობებზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S