PACE მოუწოდებს ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს
16/02/2023 18:13:22 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.
„ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შეშფოთებას იწვევს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებით", – განაცხადეს PACE-ს მომხსენებლებმა კლოდ კერნმ და ედიტ ესტრელამ.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ფრაქციას საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება“, – ნათქვამია PACE–ს განცხადებაში.
აშშ–მა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური აგენტების" შესახებ. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ "ამგვარმა კანონმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია".
"ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ და ღრმად ვართ შეშფოთებულები მისი მოსალოდნელი ზეგავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. უკვე ვაცნობეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი შეშფოთების თაობაზე. შემოთავაზებული კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, აშენონ უკეთესი მომავალი. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინიციატორთა განცხადება, თითქოს ეს კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ში მოქმედ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს" (FARA), მცდარია:
"სინამდვილეში, ინიცირებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას".
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს.
შესაბამისი განცხადება "ხალხის ძალამ" 14 თებერვალს გააკეთა.
"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".
აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.


