„სირცხვილია“ შალვა პაპუაშვილს პასუხობს
17/02/2023 12:39:21 პოლიტიკა
„პასუხი აგენტს“ – ამ სათაურით მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
მოძრაობაში ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილმა სიცრუე გააჟღერა „სირცხვილიას“ გაუმჭვირვალობასთან დაკავშრებით, ამიტომ ისინი მას უგზავნიან მოძრაობის ფინანსური დონორების ჩამონათვალს:
„სანამ „აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?ასე მაგალითად:
ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი;
თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის “ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი".
შალვა პაპუაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ ერთი საკითხია, რა ფორმა და სახე ექნება რეგულაციასა და სისტემას, მაგრამ ამის საბაბით ცდილობენ, ტაბუ დაედოს მთავარს, არსს – ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხს.
„მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, მათი წარმომადგენლები ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ ცნობილნი სამართალდამრღვევებად და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებულნი, ვიცით პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებიან, თუმცა მათი ფინანსები არ არის ცნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


