სტოლტენბერგი: "რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად"
18/02/2023 12:39:51 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მხარი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ მან მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტში 2008 წელს მიღებული დეკლარაციის ერთგულია.
მისი თქმით, "როცა ეს ომი დასრულდება, დასავლეთს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსული აგრესია არ გაგრძელდეს".
"ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა სახის დახმარება მოლდოვას, რაც შეგვიძლია სწრაფად. უკრაინა და საქართველო არიან ქვეყნები რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ. მოლდოვა არ ისწრაფვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭირთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


