Accentnews.ge
„ხალხის ძალის" კანონპროექტი, 12-პუნქტიანი გეგმა  – რა საკითხები განიხილეს ამერიკელმა სენატორებმა ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრისას

„ხალხის ძალის" კანონპროექტი, 12-პუნქტიანი გეგმა  – რა საკითხები განიხილეს ამერიკელმა სენატორებმა ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრისას

20/02/2023 05:52:50 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი მიუნხენის კონფერენციის შემდეგ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

"შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღების სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, სწორედ [ამ საკითხების] პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. [რუმინეთი], ნატო–ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას", – განაცხადა შაჰინმა.

თავის მხრივ, სენატორმა დურბინმა აღნიშნა, რომ "საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე".

"საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა ქვეყნის მომავლის განსაზღვრის დიდი პერსპექტივა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში", – დასძინა მან.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებს:

"ეს იყო მიღება, სადაც ვიყავით არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც პარლამენტიდან, ისევე როგორც ექსპერტები და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე, რომელიც არ იყო ოფიციალური სახის, ყველა ჩვენგანმა შეძლო, ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე. ნომერ პირველი პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის პირდაპირი გზით ზურგის შექცევა ჩვენს ევროპულ გზაზე“.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის ცნობით, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება:

"სენატორი შაჰინი განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სამადაშვილმა".

ენმ-ის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სენატორებთან ისაუბრეს, მათ შორის საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ:

“ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა აუხსნა რა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამ კანონპროექტის შეჩერება და განხილვაში არ შეშვებაც კი, იმიტომ, რომ ესეც ძალიან აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, შეკითხვები ჰქონდათ [სენატორებს ამ საკითხზე]… შეკითხვები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილზეც”, – განაცხადა დეკანოიძემ.

"დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გამოწვევებზე.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა მიღების შემდეგ განაცხადა, რომ, "სენატორ შაჰინთან შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს პროგრესზე, რომელსაც მან 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან მიმართებაში მიაღწია, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებზე და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S