საელჩო: "აშშ გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად"
20/02/2023 11:57:59 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ", – აცხადებს საქართველოში აშშ–ის საელჩო.
შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დაასახელა საკითხები, რომელთა შესახებაც სენატორებთან ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ სასამართლოზე, კორუფციის გამოწვევებზე, დეზინფორმაციაზე, რომელიც ძალიან აშკარად ვრცელდება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მედიაგარემოზე. რა თქმა უნდა, მე პირადად ვისაუბრე ნიკა გვარამიაზე და იმაზე, რა ეფექტი აქვს მის უდანაშაულოდ ჩასმას ციხეში, ზოგადად, მედიაგარემოზე. მათ ძირითადად აინტერესებთ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება, შევაჩეროთ დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც აშკარად გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა გიგაურმა.
„სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი:
„ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო, სწორედ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რამდენად სრულდება 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს წარუდგინა. საუბრის თემა ასევე იყო მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთხელ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაგვიდასტურა მხარდაჭერა ამ პროცესში, რაც არის კანდიდატის სტატუსი და მხარს გვიჭერენ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებს დემოკრატიისთვის ბრძოლაში".
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - „ხალხის ძალის" კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ.


