ამერიკელი სენატორები "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "არის რუსული კანონის მსგავსი"
20/02/2023 14:50:57 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რიჩარდ დურბინი მიიჩნევენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" "არის რუსული კანონის მსგავსი".
ამის შესახებ სენატორებმა თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მათ შორის პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. დიახ, აშშ–ში არის მსგავსი კანონი გამჭვირვალობაზე და გავლენასთან დაკავშირებით. თუმცა ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა და მათ არ მიეცეთ საქმიანობის უფლება, ეს ის მიმართულებაა რაც მაგალითად, რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია", – განაცხადა დურბინმა.
თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი "რუსული კანონის მსგავსია".
"მოდი ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, კანონპროექტო, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი არ არის აშშ–ში არსებულის მსგავსი, ეს არის რუსული კანონის მსგავსი. ასევე, მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ. ის არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, ადამიანის უფლებების რეალიზებასთან, მთელ ამ საკითხებთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება", – დასძინა შაჰინმა.


