დურბინი: "გვინდა დავაფასოთ ქართელი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად"
20/02/2023 14:59:53 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი აცხადებს, რომ "აფასებენ ქართელი ხალხის მოქმედებას უკრაინის დასახმარებლად". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია კიევს და ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ მტკიცე მხარდაჭერის, რასაც ჩვენ ვუცხადებთ უკრაინის თავისუფლებას. გვინდა, აღვნიშნოთ და დავაფასოთ საქართველოს, ქართველი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად და პირველი გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღება. ერთ-ერთ მათგანს დღეს შევხვდით და ძალიან გულსატკენი ისტორია მოვისმინეთ, თუ რისი გავლა მოუწია მას და მის ოჯახს რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად. რუსეთის არაპროვოცირებულმა, უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ და წინააღმდეგობის გაწევამ, გააერთიანა ძალიან ბევრი ერი ევროპაში, რა თქმა უნდა, ამას უერთდება საქართველოც. მისი განაცხადი წევრობაზე ამ ძალისხმევის ნაწილია და ჩვენს მხრივ პირობას ვდებთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას", – განაცხადა დურბინმა.


