ხვიჩია – მედიასა და არასამთავრობოების შესახებ: "მეტის ღირსები არიან და ამას იმსახურებენ"
20/02/2023 15:35:25 პოლიტიკა
„გირჩის“ წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მედია და არასამთავრობოებო ორგანიზაციები მეტის ღირსები არიან".
"ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ. როცა პოლიტიკოსებს უზღუდავდნენ, მაშინ პირიქით ითხოვდნენ ახალ-ახალ შეზღუდვებს და ახალ-ახალი კონტროლის მექანიზმებს. "ხალხის ძალის" ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომლებიც ერთი წლის წინ შემოვიტანეთ განსახილველად და ეხება ადამიანების უკანონო პატიმრობას. მე ბირჟა მაფიას კანონპროექტს ვგულისხმობ. რატომ ხდება რომ იმ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეონიშკებმა და თქვენ ახლა პირიქით უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თქვენ რომ გაუჩალიჩოთ", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებია, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ.
ბიუროს სხდომაზე საკითხის მხოლოდ პროცედურული ნაწილი განიხილებოდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილმა აქცია გამართა.
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.


