სენატორი დურბინი: "ამერიკა არ ცდილობს, ვინმე ჩაითრიოს ომში“
20/02/2023 15:54:22 პოლიტიკა
ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში, - ასე უპასუხა ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა ჟურნალისტის შეკითხვას, როგორია მისი შეფასება მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, დასავლეთში გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
როგორც ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, თბილისში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა, თუმცა ამერიკის მთავარი ძალისხმევაა მხარი დაუჭიროს ქვეყნების საზღვრების დაცვას.
„შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის მთავარი ძალისხმევა არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების სუვერენიტეტს, მათი საზღვრების დაცვას და იმას რომ ქვეყნებმა შეძლონ მშვიდობის მიღწევა. ამას ვაკეთებთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის საქართველოს მიმართ და ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში“, - განაცხადა დიკ დურბინმა.


