გახარია: "ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია"
21/02/2023 07:54:29 პოლიტიკა
„დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ ევროპულ ღირებულებებთან თავსებადი არ არის და „ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით“.
„დღეს ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს[მმართველი გუნდის წარმომადგენლებს] არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებისა. ეს არის სწორედ მიუღებელი, როდესაც კულისებში დამალული ადამიანი მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას. ეს არის კრიტიკული ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის და სწორედ ამიტომ ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველას ნაბიჯს, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული პერსპექტივა. სხვანაირად პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა გახარიამ.


