21-02-2023 13:27:12 კონფლიქტები
აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს რუსეთის ავტორიტარი ტერორისტი მმართველის იმპერიალისტური გეგმა სსრკ-ის აღდგენის თაობაზე, რომლითაც იგი, მათ შორის, ერთი წლის წინ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას ხელმძღვანელობდა. ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს ამის შესაძლებლობას მისცემს - დაყოლიებით იქნება ეს თუ ძალით, პუტინის იმპერიაში დაასრულებს თავის დამოუკიდებლობას. რა სახე და სახელი ექნება პუტინის იმპერიას - რუსეთის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული. მოსკოვში ამ წარმონაქმნს ხან - "ნოვოროსიას", ხან - "ველიკოროსიას", ხანაც "საკავშირო სახელმწიფოს" უწოდებენ და ყველაზე სუსტი მოთამაშეების პრდაპირ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავენ, სხვებს კი რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებენ.
თავისი ძალები და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია პუტინმა 2008 წელს საქართველოში მოსინჯა, შემდეგ, 2014 წელს - უკრაინაში, 2022 წლის 24 თებარვალს კი, დაუსჯელობით წახალისებულმა, უკრაინაში ამჯერად უკვე სრულმასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელა. რა გეგმა იყო გაწერილი კრემლში უკრაინელებთან მიმართებაში - მსოფლიოსთვის უკვე კარგადაა ცნობილი და საბედნიეროდ, პუტინს ის სრულად ჩაუვარდა:
ზემოთთქმულის გათვალისწინებით, უკრაინა - კრემლის იმპერიალისტური გეგმის ეს პირველი პუნქტი, ერთგვარ ფარად იქცა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის და დღეს ყველა, ვისთვისაც საკუთარი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მომავალი ძვირფასია, მიმდინარე ომში პუტინის იმდენად გაცამტვერებას უნდა ნატრობდეს, რომ იმპერიალისტური ზრახვები თუ სამუდამოდ არა, მრავალი ათწლეულით მაინც დაავიწყდეს.
მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი მმართველები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებულნი არიან რუსეთის ხელისუფლებაზე, რიგ შემთხვევებში კი მის სატელიტსაც წარმოადგენენ, მზად არიან, პირადი დაცულობისა და კეთილდღეობისთვის თავად შეუწყონ პუტინს ხელი მისი გეგმის რეალიზებაში.
მოსკოვიდან მოსალოდნელი ცუდი ამბავი
რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება ბელარუს ავტორიტარ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავის წინა დღეებში მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ტელეგრამ-არხი ამასთან დაკავშირებით ამ დღეებში დამაინტრიგებელი შინაარსის მოკლე განცხადებას ავრცელებდა - "დეტალებს ჯერ ნუ ელით. ველით ოფიციალურ ინფორმაციასო" და იქვე დეპუტატ დიმიტრი კუზნეცოვის შემდეგ ციტატას აყოლებდა: "ვიმედოვნებ, სულ მალე რუსეთ-ბელარუსის ისტორიული გაერთიანების საკითხი გადაწყდება. ვფიქრობ, 21-22 თებერვალს სწორედ ეს მოხდება. ამას უკვე 25 წელია, ველით და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოხდეს? არის კიდევ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შესაძლოა, სულაც სსრკ 2.0 ვიხილოთ! ვლადიმირ ვლადიმირის ძე გენიალურად ატრიალებს საჭადრაკო დაფას. ვნახოთ, ვნახოთ".
ამ ვარაუდით წინა დღეებში სტატია გამოაქვეყნა ასევე გამოცემა URA.RU-მ: "მოსკოვშია დაგეგმილია ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევის შეხვედრები ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკური ანალიტიკოსები ამის უკან ამ სახელმწიფოების ერთ კავშირში გაერთიანების, ან რუსეთის ფედერაციასთან მიერთების გადაწყვეტილებას ხედავენ. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის - ახალი სსრკ-ის ჩამოყალიბების, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების და ამის პარალელურად რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს ფორმირების".
უკრაინასთან ომის წლისთავამდე ორიოდ დღით ადრე, 21 თებერვალს პუტინი ფედერალური საბჭოსადმი მიმართვისთვის ემზადება, 22 თებერვლისთვის კი დაგეგმილია რუსი პარლამენტარების რიგგარეშე სხდომა. ეს ქმნის ვარაუდს, რომ პუტინი თავის მიმართვაში გამოაცხადებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსი კანონმდებლების მიერ დამტკიცებას საჭიროებს. რუს ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ უკრაინულ ფრონტზე კვლავინდებური წარუმატებლობის პირობებში ასეთ გადაწყვეტილებებად სწორედ ბელარუსთან, სოხუმსა და ცხინვალთან გაერთიანება შეიძლება, იქცეს.
"ოცნება" მოსახლეობას ცუდი ამბისთვის სადეაზინფორმაციო პროპაგანდით ამზადებს?
როგორც ჩანს, ამას ელიან თბილისშიც და მმართველმა ძალამ, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო მზადება საკუთარ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობის პოლიტიური ოპონენტებისთვის გადასაკისრებლად.
რუსეთისადმი ლოიალურობით გამორჩეულ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც იმთავითვე მოსკოვის "არგაღიზიანების პოლიტიკა" ჰქონდა დეკლარირებული, არ ვიცი, მის ფარგლებში თუ სხვა მიზეზით, ბოლო წლებში ხელშესახები არაფერი გაუკეთებია კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
მეტიც, თბილისი 2020-2022 წლების განმავლობაში ფაქტობრივად უპასუხოდ ტოვებდა სოხუმიდან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყების შესახებ მჟღერ ინიციატივებს.
პარალელურად ხელისუფლებასთან აფილირებული წყაროები საქართველოში კრემლის საწინააღმდეგო განწყობების შესარბილებლად არწმუნებდნენ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მოსკოვმა მის მიმართ ლოიალურობის სანაცვლოდ საქართველოს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნოს (არადა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ექს-პრემიერსა და ექს-პრეზიდენტს, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევს ბოლო თვეებში საჯაროდ არაერთხელ აქვთ გაცხადებული, რომ "საქართველო ხელოვნური სახელმწიფოა, რომელიც დიდი რუსეთის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ იქ შეძლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებას").
და აი, ახლა, სავარაუდოდ, მოსკოვიდან არასახარბიელო სიახლის მოლოდინში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გვიცხადებს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი რუსეთი მართლაც მიიერთებს სოხუმსა და ცხინვალს (შეიყვანს ან პირდაპირ რუსეთის ფედერაციის, ან ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში), ეს თურმე, "რადიკალური ოპოზიციის" ბრალი იქნება.
20 თებერვალს გაკეთებულ მორიგ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ განცხადებაში მან ეს საკითხი "ოსტატურად" დაუკავშირა მმართველ ძალასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „POSTV”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის მისაღწევად":
"ხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს. ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ესკალაცია. გახსოვთ, რომ ისინი [ოპოზიცია - რედ.] წარსულშიც ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. რეალურად, ამისთვის რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს. ეს ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციებს არ აჰყვებაო".
ამასთან, მთავარი მოქმედი პირი - ოკუპანტი რუსეთი, რომელიც ბოლო წლებში უკვე ღიად და აქტიურად ამზადებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ანექსიისათვის, კობახიძეს, ტრადიციულად, არ უხსენებია.
რას ფიქრობენ რუსეთთან გაერთიანების პერსპექტივაზე აფხაზეთში
აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყებისა და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულმა ხსენებულმა ცნობებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია. მართალია, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რომელიც მალე მოსკოვში ვიზიტს თავადაც გეგმავს, 16 თებერვალს სცადა აღელვებული აფხაზური საზოგადოების დარწმუნება, რომ რეალურად, ასლან ბჟანია ამჟამინდელი ვიზიტის დროს მსგავსს არაფერს აპირებს, მაგრამ სოხუმში ბჟანიას მხრიდან ხალხის ზურგსუკან რუსეთის ხელისუფლებასთან გაფორმებული უკვე არაერთი დოკუმენტი ახსოვთ, ითვალისწინებენ დე ფაქტო ხელისუფლების დახშულობასაც და შიშობენ, რომ შეიძლება, ახალი საბედისწერო გადაწყვეტილებების შესახებ კვლავ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, ისიც რაღაც შენიღბული ფორმით შეიტყონ. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ბჟანიას საჯაროდ აქვს ნათქვამი, "მოგვიწევს, სუვერენიტეტი რუსეთს ვუწილადოთო".
სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ დრომდე დიდი აჟიოტაჟია. აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტებიც. ასე, მაგალითად, ცნობილი იურისი ირაკლი ბჟინავა Facebook-ში წერს:
"ამ დრომდე კარში ვდგავართ [მეკარედ - რედ.], მაგრამ მუდმივად ასე ვერ ვიდგებით, დროა, გადავიდეთ აქტიურ, გადამწყვეტ, გაბედულ მოქმედებაზე. არ უნდა დავუშვათ საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა, რადან ეს ძირს მოუთხრის ჩვენს ისედაც ეფემერულ სუვერენიტეტს და დაასამარებს იმედს, ოდესმე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულები გავხდეთ".
ბლოგერი და ანალიტიკოსი თენგიზ ჯოპუა თვლის, რომ აფხაზეთის ნებისმიერ მსხვილ გაერთიანებაში შესვლა "საერთო მასაში აფხაზური ეთნოსის ჩაკარგვას" გამოიწვევს და რომ სოხუმისთვის სტრატეგიიული მიმართულება "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი" უნდა იყოს:
"ნებისმიერ მსხვილ გაერთიანებაში შესვლის შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ კონკურირებას, ამის არავითარი შანსი არ გვაქვს და კვლავ აღმოვჩნდებით უმცირესობაში, უბრალოდ შთანთქმულნი ვიქნებით მსხვილი საკავშირო სახელმწიფოს მასშტაბებში... დიახ, გარკვეულ საკითხებში ვითარება შესაძლოა, გაგვიადვილდეს, მაგრამ გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, გავქრებით. ჩვენ უკვე გვქონდა სხვა ქვეყნების შემადგენლობაში ყოფნის გამოცდილება და ამას კარგი არაფერი მოუტანია: დიახ, იყო ეკონომიკური ზრდა, ინდუსტრიალიზაცია, მაგრამ ერის განვითარებისთვის მაინც ნაკლები შესაძლებლობები იყო. მე პირადად წინააღმდეგი ვარ და ვთვლი, რომ აფხაზეთს არსად შესვლა არ სჭირდება. ჩვენ ისედაც საკმარისად მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ვერ ვხედავ აუცილებლობას, შევიდეთ მასთან საკავშირო სახელმწიფოში. ჩვენი ძირითადი ამოცანა საკუთარი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა იყოს და არა სხვის ნაწილად ქცევა. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და მის რეალიზებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა, მარტივი გზა იყოს, - ჩვენთან ხომ, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომ გვირჩევნია, პრობლემების გადაჭრა სხვას გადავაკისროთ - "მათ მოაგვარონ ყველაფერი, ჩვენ კი მათი ნაწილი ვიქნებითო"... ღრად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დამღუპველი გზაა და ჩვენს თავს თავად უნდა მივხედოთ".
ამასთან, ჯოპუას აზრით, თუ ეს საკითხი მართლაც დადგება დღის წესრიგში, ეს აფხაზეთში დიდ განხეთქილებას გამოიწვევს:
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებით აპირებენ საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, ძალიან დიდ განხეთქილებას ველი. რეალურად, ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც არ აწყობს სხვა ქვეყნის ნაწილად ქცევა, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიწყება ჩანაცვლების პროცესი, პერტურბაციები, გაჩნდება დასჯის საფრთხე; ადმინისტრაციული ცენტრი გადაინაცვლებს შორს და მაღლა; ახლა, პატარა აფხაზეთში ისინი თავს მეფეებად გრძნობენ, იქ კი არარაობები იქნებიან და მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მსგავსად, ჩვენთანაც შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, როცა ცენტრალურ მოედანზე ეშვება ვერტმფრენი და ჩამოგვდის ახალი მმართველი - მორჩა. ვფიქრობ, ამას ჩვენში ბევრი აცნობიერებს და ვინც ვერა, ისიც მალე გააცნობიერებს, ამდენად, არ ველი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას აფხაზეთში სიხარულით შეხვდნენ".
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "სახალხო ერთობის ფორუმის" ლიდერი ასლან ბარციცი კი საკითხის სამართლებრივ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის შეცვლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია":
"ჩვენს კონსტიტუციაშიც და სხვა საკანონმდებლო აქტებშიც მკაფიოდაა ჩაწერილი სახელმწიფო წყობისა და სტატუსის ხელშეუხებლობა, მისი შეცვლის ნებისმიერი მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული და შესაძლოა, სწორედ ახლა წყდებოდეს აფხაზეთისთვის გარკვეული საბედისწერო საკითხები. ყველას გვესმის, რა სტადიაშია ამჟამად გლობალური მსოფლიო და ეს ტექტონური პროცესები, ბუნებრივია, ვერც აფხაზეთს აუვლის გვერდს. ჩვენი სტრატეგიული ხაზი ახლა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ არ ჩავიკარგოთ ტიტანების ბრძოლაში, შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ყველაფერი ის, რაც გაგვაჩნია და განვავითაროთ".
20 თებერვალს ამ ვნებათაღელვას თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლა არ განიხილება. ამასთან ე.წ. საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების პერსპექტივის ნაწილში მან დუმილი ამჯობინა.
რას გადაწყვეტს კრემლი - სულ მალე შევიტყობთ.