კობახიძე: "100 მლნ დოლარზე ნაკლებია გრანტები, რასაც სახელმწიფო უცხოური წყაროებიდან იღებს"
21/02/2023 09:37:53 პოლიტიკა
"უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ საქართველოს მთავრობაც იღებს უცხოურ გრანტებს, რომლითაც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა ეს დახმარებაც ჩაითვალოს უცხოურ გავლენად.
"მთლიანობაში 100 მლნ დოლარზე ნაკლებს შეადგენს ის გრანტები, რომელთაც სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს ბიუჯეტის, ალბათ, 1%-ზე ნაკლებია. არავითარი არსებითი წყარო ეს არ არის ბიუჯეტისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ შეუძლია, გაფილტროს სხვა ორგანიზაციების მიღებულ გრანტები, ამიტომ კანონპროექტი უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობას:
"სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტებს და სახელმწფიოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას საქართველოში. მაგალითად, არის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენას. აქ სახელმწიფო თვითონ ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესებს. რაც შეეხება სხვა გრანტებს, იქ სახელმწიფო ვერ ფილტრავს ასეთ გრანტებს და არის რისკი იმისა, რომ ვიღაცამ უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენოს. თეორიულად, ნებისმიერი წყარო შეიძლება იყოს, კანონი ვერ გამიჯნავს, კანონი ხომ ვერ ჩაწერს დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს. კანონი უნდა იყოს ზოგადი. შეიძლება, იყოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს მტრული მიზნები, არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მასაც შეიძლება ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი, გამიჯვნა შეუძლებელია კანონის დონეზე, ეს მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს, გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია საზოგადოებისთვის და მან უნდა იმსჯელოს, რომელი გრანტი ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და რომელი არა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია და ორივე არის „სრული კატასტროფა“. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ქართული და ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობაში.
„გზაში ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებათა სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს - რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ამერიკული კანონის მსგავსი ყოფილა. ანუ, პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი კანონი, ლაკონური. ერთადერთი, რასაც ის ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, წლიურ დეკლარაციებს წარადგენენ. რადიკალურად განსხვავდება როგორც ამერიკული ისე, რუსული კანონებისგან, რომელიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. არის კატასტროფული კანონები პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთიც და მეორეც. შესაბამისად, შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკულია არც რუსული. ეს არის ქართული, რომელიც პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს ეფუძნება, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.


