პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ჩადის საპარლამენტო დელეგაცია 24 თებერვალს უკრაინაში
21/02/2023 10:52:10 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.
"როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა.შ. როდესაც თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილმა იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლა, აი ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარტია "ლელოს" წევრ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და "ისინიც გაკვირვებული არიან თუ რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში".
"რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ორივე პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა, თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, როდესაც ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, ბავშვებთან ერთად. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, თუ როგორი მეგობრობა გვაქვს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს, როგორ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ ვუყურებთ უკრაინას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არ აპირებდა ჩასულიყო უკრაინაში ომის წლისთავზე თავდაპირველად "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა. ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია.


