Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: "პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს"

ხატია დეკანოიძე: "პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს"

21/02/2023 14:14:48 პოლიტიკა

"პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს",, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას ფრაქციის ბევრი წევრი არ ესწრებოდა და აუცილებელია ამ საკითხზე პოზიცია ყველამ გამოხატოს.

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას - პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ ალტერნატიული პროექტის დარეგისტრირების საკითხს და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი ინიციატივა იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ სულისკვეთებას:

"ივანიშვილის დეპუტაციას და "ქართული ოცნების" განშტოებას, ადამიანებს, რომლებიც რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან, არავითარი ამერიკული პროექტის დაინიცირება და დაანონსება არ შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მნიშვნელოვან სულისკვეთებას. მე მაქვს უარყოფითი პოზიცია იმ პროკრემლისტურ ძალაზე, რომელიც რაიმე აგენტების სიას აანონსებს".

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S