ვაინიცირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია - „ხალხის ძალა“
21/02/2023 14:32:08 პოლიტიკა
"ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ინიციირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც არის სუფთა, ამერიკული ანალოგი. ჩვენ პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ და კანონს დავაინიცირებთ, რისთვისაც 1-2 დღე დაგვჭირდება“,– ამის შესახებ „მოძრაობა ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ჯერ საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა „მაგრამ დაიწყო სპეკულაცია რომ ეს არის რუსული კანონი“, რაც მისი შეფასებით სიმართლეს არ შეესაბამება.
იგი ირწმუნება, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამერიკული ვერსიისგან განსხვავებით მეტად ლიბერალურია და საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან.
"ახლა არჩევანი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე. საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. ანუ, ახლა გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია – ქართული ვარიანტი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და მეორე, სუფთა ამერიკული „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.


