გომელაური ეხმიანება ფილიპ დზიადკოს ქვეყანაში არშემოშვების ფაქტს
21/02/2023 17:31:35 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში გამოსვლისას რუსი მწერლის და ჟურნალისტის ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვებას გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც მას შესაბამისი კითხვა დაუსვეს.
"მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს, ქვეყანა დაინგრა. მაგალითად, გუშინ რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით საზღვარზე. შემდეგ ქალბატონი [ელენე] ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში თავის ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს მთელი ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოვუშვით?! 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა? მიკვირს...
ერთის მხრივ, იძახიან რუსებს დაუკეტეთ [საზღვარი], ნუ უშვებთ რუსებს, არავინ აღარ შემოუშვათო და მეორეს მხრივ, ვიღაცაზე, ნუ არ ვიცი, ვინ იყო გუშინ, ატყდა ამბავი, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შემოუშვათო. ესაა გადამრჩენელი და მე მგონი, პუტინის დამმარცხებელი, ანუ ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს. არ ვიცი ასეთი მიდგომა, არასწორია, ჩემი აზრით. ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნებით, ჩადიან და არ უშვებენ...", - თქვა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
ფილიპ დზიადკო თბილისის აეროპორტის ტერმინალში გატარებული 23 საათის შემდეგ ერევანში გაემგზავრა. მისი თქმით, იქ რამდენიმე დღე აპირებს დარჩენას და იმედი აქვს, რომ თბილისში მალე დაბრუნდება.
დზიადკო წერს, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გასული წლის 3 მარტს გადავიდა. 5 დღის წინ კი ბერლინში „მემორიალის“ სემინარზე იმყოფებოდა, საიდანაც თბილისში ვენის რეისით ბრუნდებოდა.
„შესვლაზე მიზეზი განუმარტებლად უარი მითხრეს, ვიღაცამ ივარაუდა, რომ ეს წიგნის „რადიო მარტინის“ გამოა. ალბათ არა, მაგრამ თუ ასეა სასიამოვნოა, მაშინ გასაგებია, რისთვის იყო ეს ყველაფერი - საფუძვლიანი ოპერაცია ანტიპუტინური წიგნის პოპულარიზაციისთვის“, - წერს დზიადკო ტელეგრამის არხზე და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან.
მანამდე მსგავსი ინციდენტი პუტინის რეჟიმის არაერთ კრიტიკოსთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა.


