Accentnews.ge
IPI-მ საქართველოს დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი

IPI-მ საქართველოს დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი

21/02/2023 20:27:33 პოლიტიკა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც, ინსტიტუტის თქმით, ეხმიანება ანალოგიურ კანონებს ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, "ხალხის ძალამ" მოამზადა.

როგორც IPI-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორები შენიშნავენ, არსებობს საფრთხე, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები გამოყენებულ იქნება იარაღად მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.

„IPI ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოს კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რუსული ავტორიტარული სცენარის წიგნიდან ამოიღონ ერთი გვერდი „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის მიღებით,“ განაცხადა IPI-ის დირექტორის მოადგილემ, სკოტ გრიფინმა. „პუტინის კანონი უცხოეთის აგენტებზე კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც მიმართულია რუსეთში სხვა უფლებებს შორის პრესის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ. ასეთ კანონმდებლობას არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც ესწრაფვის ევროპის კავშირში გაწევრიანებას და რომელიც ემხრობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს,“ დასძინა გრიფინმა.

IPI-ის ხელმძღვანელობის აზრით, ეს კანონი, რომელიც, როგორც აცხადებენ, გამჭვირვალობას ეხება, სინამდვილეში შეიცავს საფრთხეს, რომ ის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებისა და უსაფრთხოებისთვის.

ეს ასევე წარმოშობდა საფრთხეს, რომ სახელმწიფოს სხვაგვარად მოაზროვნეთა, მათ შორის ჟურნალისტთა, დაშინების მძლავრი იარაღი გაუჩნდებოდა.

„მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებს, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და ამის ნაცვლად ყურადღება მიაქციონ უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას დამოუკიდებელი მედიისათვის, რათა მან საკუთარი მოვალეობების შესრულება შეძლოს,“ ნათქვამია IPI-ის განცხადებაში.

კანონპროექტის თაობაზე შეშფოთება გამოთქვა ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ მას.

ნიდერლანდის ჰელსინკის კომიტეტმა 40 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ამ კანონის მიღებისგან. ამის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი არის „მაკონტროლებელი და შემზღუდავი“ და იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას.

იხილეთ ასევე: „სერბეთიზაცია“: რაში სჭირდება „ოცნებას“ „აგენტების“ კანონი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S