Accentnews.ge
ეუთო-ს მისია ოკუპირებულ რეგიონებში: პერსპექტივები

ეუთო-ს მისია ოკუპირებულ რეგიონებში: პერსპექტივები

05/11/2019 12:31:31 თვალსაზრისი, ანალიზი

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიტუაციის მონიტორინგისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გარდა, შესაძლებელია ეუთო-ს მისიის შექმნაც.  

„შესაძლებელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შექმნაც, რომ მეტ გამჭვირვალეობას მივაღწიოთ და გავიგოთ, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, ვიპოვოთ გამოსავალი ადგილზევე", - განაცხადა დეგნანმა 30 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც „აქცენტს“ ეუთო–ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, იმისათვის, რომ მისიის შექმნის შესაძლებლობა იქნას განხილული, უპირველესად, მასპინძელი ქვეყნის მხრიდან უნდა გამოიხატოს დაინტერესება, რომელიც საქართველოდან ამ დრომდე არავის გამოუხატავს.

„ეუთო–ს მანდატის განხორციელება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციის წევრი 57–ივე ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მასპინძელი ქვეყანა მსგავსი თხოვნით მოგვმართავს. მუდმივმოქმედი საბჭოს არც ერთ სხდომაზე მსგავსი თხოვნა არ გაჟღერებულა“ - განაცხადეს ორგანიზაციაში.

საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მუშაობს თუ არა ქართული მხარე ამ მიმართულებით, თავად იდეას კი იგი, გაერო-ს და ეუთო-ს ეფექტურობის სათუოობის მიუხედავად, დადებითად აფასებს:

«ეუთო გადაწყვეტილებებს დღემდე კონსენსუსის წესით იღებს, მის წევრ რუსეთს კი მის მიერ ოკუპირებულ და აღიარებულ რეგიონებში ნებისმიერი საეთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა ამ რეგიონების შიდა საქმეებში ჩარევად მიაჩნია. ამიტომ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ეს ადვილი იქნება: თუ ისევ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აიძულებს მოსკოვს, უფრო კონსტრუქციული იყოს ამ საკითხში, რუსეთი ყოველთვის ეცდება, დაბლოკოს ამგვარი იდეები. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურია გაერო და ეუთო, შეიძლება, მათი მისიების ამოქმედებამ რაღაც გარღვევა არ მოახდინოს, თუმცა არსებულ პირობებში ჩვენთვის ნებისმიერი საერთაშორისო სტრუქტურის გააქტიურება ოკუპირებულ რეგიონებში მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. და ამას, რა თქმა უნდა, აქტიური მცდელობა სჭირდება. საქართველოს ძალიან აქტიური პოზიცია აქვს საეთაშორისო არენაზე, მაგრამ დამატებითი ნაბიჯები ალბათ, რეგულარულად უნდა იქნას გადადგმული“, – განუცხადა «აქცენტს» მენაღარიშვილმა.

ცნობისთვის: ეუთოს მისია საქართველოში 1992 წლის ნოემბერში ამოქმედდა. იგი დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს ცხინვალის რეგიონში ახორციელებდნენ. მისიამ მუშაობა რუსეთ –საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, იმავე წლის 31 დეკემბერს შეაჩერა.  აღნიშნულის მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. მოსკოვის სურვილი იყო, ახალ მანდატში ასახულიყო ის ”ახალი რეალობები”, რომლებიც რეგიონში აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა, კერძოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.  

მოგვიანებით საქართველოში მისია დახურა გაერო-მაც, რომლის დამკვირვებლები მონიტორინგს აფხაზეთში 1993 წლიდან ახორციელებდნენ. რუსეთმა (2009 წლის 15 ივლისს) იმავე მიზეზით დაბლოკა გაერო–ს მისიის მანდატის გაგრძელება, როგორც ეს ეუთო–ს შემთხვევაში მოხდა.

ამჟამად საქართველოში  ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაახლოებით 200 დამკვირვებელი რჩება, თუმცა მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S