ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
23/02/2023 07:23:43 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა. მან 22 თებერვალს თქვა, რომ ეს ომი არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას.
"უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მიმართულებით ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულის ინიციატივას, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიღმა, გაერო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვასაც ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის. დარჩიაშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
„საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულყოფილად ასრულებს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა აუცილებელია, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მხრივ, საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“, – განმარტა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაერო-ს წესდების შესაბამისად.
ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია. გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო.


