ომის წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციას მმართველი პარტიის წევრები არ ესწრებიან
23/02/2023 08:27:49 პოლიტიკა
თბილისში მიმდინარე კონფერენციას, რომელიც უკრაინაში ომის წლისთავთანაა დაკავშირებული, არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც „ქართული ოცნების“ წევრები არ ესწრებიან.
კონფერენცია საქართველოში უკრაინის საელჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის – საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, პოლიტიკური ლიდერები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
"ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არც ერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს პირადად მე მივმართე წერილებით, თხოვნით, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, რომ მოსულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ. აქ მტრული გარემო არავისთვის არაა. არცერთი მათგანი აქ არაა და ეს არის ნიშანი იმისა, თუ რას ფიქრობს და რას აპირებს, დღევანდელი ხელისუფლება",- განაცხადა EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.


