Accentnews.ge
ნაკაიძე: "მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს"

ნაკაიძე: "მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს"

23/02/2023 12:36:39 პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება.

მისი თქმით, „მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება“.

„მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს უკავშირებს. ამ განცხადებით მდინარაძე, მართლაც ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს, რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები, ამ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა. აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს.

მინდა, მივმართო ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს, განმარტოს, თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი? ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს? მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის. „აისისის“ მუქარის ადრესატი არაერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს, ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომლებსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის? ყველაფერი ნათელია, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ნაკაიძემ.

მოგვიანებით, ნაკაიძის განცხადებას მდინარაძე გამოეხმაურა და ის "უნიჭო პიარული სვლად" შეაფასა.

„ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით, რელიგიური რადიკალიზმის წახალისება. სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს! რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებსა და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა! ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

21 თებერვალს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შემდეგი განაცხადა:

"რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S